ლაპარაკია ბრალდებებზე, რომლებსაც ხშირად ახსენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება - ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ.
„დასავლური დაფინანსებით საქართველოში არაერთი რევოლუცია იგეგმებოდა“, - სამართლებრივად დაუსაბუთებელ ამ ბრალდებებს „ოცნება“ არგუმენტად იშველიებს „აგენტების კანონის“ საჭიროების გასამართლებლად და „გლობალური ომის პარტიის“ ბუნდოვანი თეორიის გასამყარებლად.
რა თქვა სუსის უფროსმა?
„[2023 წელს] ადგილი ჰქონდა სხვადასხვა, შიდა და გარე აქტორების მიერ საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისათვის ნიადაგის მომზადებისა და რესურსების მობილიზების მცდელობებს“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას; დასძინა, რომ „ეს მცდელობები იყო რამდენიმეჯერ დაფიქსირებული“ და, რომ ეს გეგმა სუსის ძალისხმევამ შეაჩერა.
სუსის ანგარიშის თანახმად, ასევე - „2023 წელს, სუს-ის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოვლინდა, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები“.
„ქვეყნის ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი ღონისძიებების პრევენცია და განეიტრალება“, ლულუაშვილის განმარტებით, სუსის მიერ უსაფრთხოების ყველა მიმართულების „მაქსიმალურ კონტროლზე აყვანითა“ და „ყველა საჭირო ღონისძიების“ გატარებით მოხერხდა.
სუსის ხელმძღვანელის საპარლამენტო გამოსვლის ღია ნაწილში არ დაკონკრეტებულა, ვინ არიან - არეულობისა და რევოლუციის მოსურნე შიდა თუ გარე აქტორები და რა მტკიცებულებები ადასტურებს ხელისუფლების „ძალადობრივი გზით“ შეცვლის „ნიადაგის მომზადებას“.
გრიგოლ ლილუაშვილის მონათხრობი 2023 წლის შემოდგომაზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა. მაშინ ბრალდებები მიმართული იყო - ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისკენ, უკრაინაში მებრძოლი ქართველებისკენ, არასამთავრობო სექტორისკენ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ისკენ, როგორც რევოლუციისთვის მზადების დამფინანსებლისკენ.
„საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, - განაცხადა სუსმა 2023 წლის სექტემბერში. მაშინ გახმოვანებული ვერსიით, USAID-ის დაფინანსებით [26-29 სექტემბერი], თბილისში ჩატარებულ ტრენინგზე გადაამზადეს დიდი ჯგუფი, რომელმაც „გადამწყვეტი როლი“ უნდა შეასრულოს „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“.
ოქტომბრის დასაწყისში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მცდარი უწოდა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიმართ საქართველოს ხელისუფლების ბრალდებას.
ამ საქმეზე გამოძიება 9 თვის წინ დაიწყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.
მას შემდეგ, სუსში ეს საქმე არაერთხელ მოიკითხა რადიო თავისუფლებამ. ყოველ ჯერზე იყო პასუხი, რომ - გამოძიება გრძელდება. მსგავსი იყო პასუხები მანამდე აღძრული სხვა არაერთი საქმის შესახებაც.
მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო ბრალდებულები არ გამოვლენილან და დანაშაულის ჩადენა არავისთვის დაუმტკიცებიათ - „კანვასის ტრენინგები“, როგორც ბრალდება, ისევ ხშირად ისმის როგორც „ოცნების“ წარმომადგენლებისგან, ასევე მათი მოკავშირეებისგან. ბოლოს ეს, 12 ივნისს, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ახსენა.
სუსის უფროსის მიერ ყოველწლიური ანგარიშის წაკითხვის შემდეგ, კითხვა-პასუხის ნაწილი, პარლამენტის სხდომაზე, უკვე დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
რა ჰკითხეს და რა უპასუხა?
ანგარიშის მოსმენას სამი ოპოზიციონერი დეპუტატი ესწრებოდა.
როგორც ერთ-ერთი მათგანი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი თეონა აქუბარდია ეუბნება რადიო თავისუფლებას, რევოლუციურ სცენართან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტების ან მტკიცებულებების მოსმენის იმედი არ ჰქონდა, რადგან „ამ გადატრიალება-გადმოტრიალებას“, დაუდასტურებელი ბრალდებების სიმრავლის გამო, მხოლოდ პოლიტიკური თამაშის ნაწილად განიხილავს.
„რასაც ვხედავთ, სულ იწყებენ გამოძიებას, არასოდეს გამოძიება არ სრულდება - ხან რა მიზეზით, ხან რა მიზეზით... ვფიქრობ, ეს არის „ოცნების“ მაშველი რგოლი, სუსის პოლიტიზების მეშვეობით... დღევანდელ მოსმენაზე შთაგონების სეანსი ჰქონდა სუსის უფროსს „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის, რომ ყველაფერი კარგადაა“, - გვეუბნება აქუბარდია.
„გირჩის“ წარმომადგენელმა, სანდრო რაქვიაშვილმა საერთოდ ვერ გაიგო - რატომ დაიხურა სხდომის მეორე ნაწილი, როცა სუსის ხელმძღვანელს არაფერი ჰქონდა სათქმელი და მათ შორის არც - რევოლუციურ სცენარებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე.
„დახურულ ნაწილში არ იყო ნათქვამი საერთოდ არაფერი, რაც საჯაროდ არ ითქმება ან რაც მანამდე ნათქვამი არა აქვთ. ფორმალურად, პარლამენტი ხომ საზედამხედველო ორგანოა, და როგორ უნდა გავუწიო ზედამხედველობა ორგანოს, რომელიც მეუბნება - სიტყვაზე უნდა მენდოო.
საჯარო რომ ყოფილიყო [მოსმენა], ხალხი დაინახავდა, რომ კონკრეტული არაფერი ხდება... ეს დასტურია იმისა, რომ თავიდან ბოლომდე ტყუილია ეს ნარატივი - დაწყებული გლობალური ომის პარტიიდან, დამთავრებული რევოლუციის მცდელობებით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სანდრო რაქვიაშვილი.
„თუკი რევოლუციის პრევენცია მოახდინეს, რამდენიმე ადამიანი ხომ მაინც უნდა იყოს - რომლებიც შეიძლება არ დაიჭირო, მაგრამ თქვა - აი, ამას ეს და ეს ადამიანები გეგმავდნენ. მინიმალური მტკიცებულებების რაღაც სტანდარტი ხომ არსებობს და თუ ეს არ არის დაცული, როგორ შეიძლება საჯაროდ ამაზე [ასეთ ბრალდებებზე] ლაპარაკი“, - ამბობს ის.
ბრალდებები, როგორც არგუმენტი
სამართლებრივად დაუდასტურებელ რევოლუციურ სცენარებს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად იშველიებს „ოცნების“ ხელისუფლება, როცა ის, მაგალითად - „აგენტების კანონის“ მნიშვნელობაზე საუბრობს.
„2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაზე“ - ირაკლი კობახიძე, აპრილში, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ელაპარაკებოდა; მაისში კი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ შოლესა თუ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.
რევოლუციურ სცენარში მონაწილეობას, ბოლო დროს, „ოცნება“ ძირითადად სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს აბრალებს. თუმცა ეს ბრალდებები, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვაგვარად შეეხო თითქმის ყველა ოპონენტს და მათ შორის - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც.
სწორედ ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის ამ ბრალდებებზეა დაშენებული - „ოცნების“ მიერ მრავალგზის ნახსენები, მაგრამ დღემდე ყველასთვის გაუგებარი „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებული თეორია. ამ თეორიის თანახმად: „გლობალური ომის პარტიის“ მთავარი მიზანი „მეორე ფრონტის“ გახსნა და საქართველოს ომში ჩათრევაა; ეს კი მოითხოვს - არეულობას, რევოლუციას, ხელისუფლების შეცვლას.
„გლობალური ომის პარტიის“ ამ მიზანსა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ სამოქალაქო სექტორის დაფინანსების კავშირზე, 29 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმაც ილაპარაკა, როცა რუსთაველის გამზირზე „აგენტების კანონის“ დამცველთა კონტრაქციის მონაწილეებს მიმართავდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სუსის უფროსისგან, 12 ივნისს, განმარტებები ვერც „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ მიიღეს.
„ყველაზე არაადეკვატური, ყველაზე არააკადემიური და რეალობასთან ყველაზე დაშორებული შეფასება იყო ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების კუთხით“, - თეონა აქუბარდია გვეუბნება, რომ სუსი რეალურ საფრთხეებს არ უსწორებს თვალს და გარკვეულ შემთხვევებში საკუთარ პოზიციასაც ეწინააღმდეგება.
„სუსის ანგარიშში წერია, რომ ანტიდასავლური რიტორიკა, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების დაზიანება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანება არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ინტერესი - ეს თეთრზე შავად წერია და რომ ვკითხე [სუსის უფროსს] - რომელია ეს უცხო ქვეყანა? - პასუხი არ გამცა, რომ ეს რუსეთია... მაინტერესებდა - ვის დავალებას ასრულებს „ქართული ოცნება“, რადგან ახლა ვხედავთ, რომ ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო იხურება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
ფორუმი