Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსის უფროსის მოადგილე განმარტავს რატომ არ აკავებენ "გამოვლენილ ძალიან ბევრ ჯაშუშს"


ალექსი ბატიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე
ალექსი ბატიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსი ბატიაშვილის თქმით, საქართველოში „ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუშია" გამოვლენილი, თუმცა მიზანი არაა მათი დაკავება და „სანახაობის მოწყობა“. ამის შესახებ ალექსი ბატიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საპარლამენტო კომიტეტში სუს-ის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ,

მედია დაინტერესდა როგორ მიმდინარეობს იმ საქმეების გამოძიება, რომლის შესახებ სუსი მაისის დასაწყისშიც ლაპარაკობდა "აგენტების კანონის" ინიციირების ფონზე და „მაიდანის სცენარსა" და ხელისუფლების დამხობის საფრთხეზე ლაპარაკობდა. სუსის 2023 წლის ანგარიშში საუბარია, რომ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლას გეგმავდნენ უცხო ქვეყნები, თუმცა არაა დაკონკრეტებული რომლები.

"კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მთავარი მიზანი, ამოცანა არ არის ჯაშუშის დაკავება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების მიერ დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ განსაზღვრული მოქმედებები ამოვიცნოთ, დავაიდენტიფიციროთ, მათი დაინტერესების სფეროები განვსაზღვროთ, კავშირები დავადგინოთ, მათი მოქმედების ხერხები და მეთოდები. ამით მოვახდინოთ პრევენცია და ეს გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, არის გამოვლენილი ძალიან ბევრი სახელმწიფოს ჯაშუში. სანახაობას ჩვენ არ ვაწყობთ და შესაბამისად, ამის შესახებ საჯაროდ არ ვსაუბრობთ," - უთხრა ბატიაშვილმა ჟურნალისტებს.

კითხვაზე, რატომ არაა ცნობილი, "სახელმწიფო გადატრიალების" არც ერთ საქმეზე დამდგარი შედეგი, ბატიაშვილმა განაცხადა, რო „ძალიან ძნელია გასაზღვრო" გამოძიების კონკრეტული ვადები.

„ჩასატარებელია მრავალი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, შესაბამისად, ეს შეიძლება სცდებოდეს საქართველოს ფარგლებს, ასევე იყო სხვა ობიექტური შემაფერხებელი გარემოებები, აქედან გამომდინარე, კონკრეტულ საქმეზე რამდენი ხანი გაგრძელდება გამოძიება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის“,- ამბობს სუსის უფროსის მოადგილე.

8 მაისს საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუსი) განაცხადა, რომ არსებობს „90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების” საფრთხე.

სუსმა დაახლოებით ასეთივე შინაარსის განცხადება 2023 წლის სექტემბერშიც გააკეთა, გამოკითხვაზე დაიბარა CANVAS-ის ტრენინგების არაერთი მონაწილეც, თუმცა გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG