Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილმა ზუკა ბერძენიშვილი კვლავ დაადანაშაულა დეპუტატების შეურაცხყოფაში


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა სამოქალაქო აქტივისტის ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტის გამო.

აქუბარდიამ თქვა, რომ ახალგაზრდა კაცს ხელისუფლების ორგანიზებული ჯგუფები გაუსწორდნენ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდგომ. „ასე აპირებთ, რომ საქართველო აცხოვროთ და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები სცემოთ და დაასახიჩროთ?! - მიმართა აქუბარდიამ პაპუაშვილს და დაამატა, - თქვენი განცხადების შემდგომ ასეთი რამ ხდება და თქვენ ოდნავ მაინც სინდისი უნდა გაწუხებდეთ... თქვენი მოწოდებით, თქვენივე ზონდერები თავს დაესხნენ ახალგაზრდა კაცს“.

11 ივნისი, 2024 წელი. დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნაცემი ზუკა ბერძენიშვილის ფოტო ჰქონდა.
11 ივნისი, 2024 წელი. დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნაცემი ზუკა ბერძენიშვილის ფოტო ჰქონდა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ზუკა ბერძენიშვილი „ტერორით“ არის დაკავებული. ამასთან, პარლამენტის სპიკერმა სხვა ორგანიზაციები დაადანაშაულა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიმართ მუქარასა და შეურაცხყოფაში.

„სამარცხვინო ტყუილები, რომლებიც თქვენგან ისმოდა, რა მოწოდებაზე საუბრობთ, არ გრცხვენიათ. დიახ, როდესაც ტერორით დაკავებულნი არიან ორგანიზაციები და კონკრეტულად ეს ადამიანი [ზუკა ბერძენიშვილი], ორგანიზაცია „სირცხვილია“; „ჯემნიუსი“, თქვენს კოლეგებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდნენ. თქვენ, რომ ტაშს უკრავდით ამ ადამიანებს, ამას დაუფიქრდით თუ შეიძლება“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპული ქვეყნები და ევროკომისია არ ემიჯნებიან ორგანიზაციებს.

„რა თქმა უნდა, ყველა ვინც ტერორში იქნება ჩართული, ყველას ვამხელთ, განსაკუთრებით, იმ მხრივ, როდესაც ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, კიდევ ერთხელ, „ჯემნიუსის“ ჟურნალისტი, რომელიც დეპუტატებს კეფაში ტყვიით ემუქრებოდა საჯაროდ, „სირცხვილიას“ ეს ორი თანამშრომელი, რომლებიც ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ და „გრასის“ თუ „ფაქტჩეკის“ თანამშრომელი [მარიამ წიწიკაშვილი], რომელიც თავს დაესხა პარლამენტის წევრს და შეურაცხყოფას აყენებდა მას.

რამდენი ხანია ველით, რომ გაემიჯნება ამას ევროკავშირის შესაბამისი ფონდი იქნება თუ რომელიმე ქვეყანა, რომელიც ამ ფონდში ფულს რიცხავს ან ევროპის კომისია, რომელიც აფინანსებს ამ ფონდს, ვერცერთი განცხადება ვერ ვნახე ამ ძალადობისა და ტერორისგან გამიჯვნისა.

რა თქმა უნდა, როდესაც დავინახავთ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები არიან ორგანიზატორები ტერორისა, ზიზღის ენისა და შეურაცხყოფისა, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვამხელთ“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.

11 ივნისს, დილით სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილის სახლთან თავს დაესხნენ. ის რამდენიმე დღის წინ წერდა, ჩასაფრების შესახებ, რომელიც მას სოფელში მოუწყვეს, თუმცა მაშინ თავის დაღწევა მოახერხა.

11 ივნისს დილით, ბერძენიშვილზე თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, და „ევროპის სახელით მიმდინარე“, „ორგანიზებული და პოლიტიკურად მოტივირებული ტერორის კამპანია“ უწოდა მისი თქმით „აღშფოთებული მოქალაქის“ სცენებს. პაპუაშვილი გულისხმობს მოქალაქეთა რეაქციებს მმართველი პოლიტიკური გუნდის წვერების მიმართ.

„აგენტების კანონის" მიღების შემდეგ მოქალაქეები საჯარო სივრცეში „მოღალატეებს“ და „მონებს“ უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს.

შალვა პაპუაშვილი „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ახსენებს მოძრაობა "სირცხვილიას" დამფუძნებლებს სალომე ბარკერსა და ზურა ბერძენიშვილსაც.

„ურეკავდნენ პარლამენტის წევრებს მუქარით და შეურაცხყოფით (სალომე ნიკოლაიშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, "სირცხვილია")", - დაწერა პაპუაშვილმა.

ამასთან გრძელდება „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეების დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ, თავს დაესხნენ ოპოზიციური "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს.

7 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა აქტივისტს და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკო მანაგაძეს.

გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არც ერთი პირი.

ამასთან მოქალაქე მარიამ წიწიკაშვილის თქმით, 9 ივნისის დილით"ხალხის ძალის" დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა.

პოლიციაში იყო დაბარებული მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG