Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი ოფიციალურად დააინიციირეს


შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

10 ივნისს პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს.

დოკუმენტი მოიცავს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ ახალ კანონპროექტსა და დამატებით 18 მოქმედ კანონში ცვლილებას.

ძირითადი კანონპროექტი 13 მუხლისგან შედგება და სწორედ, მასში აღნიშნული საკითხების იმპლემენტაციისთვის იგეგმება კონკრეტულ კანონებში შესწორებების შეტანა.

კანონპროექტში განსაზღვრულია ქალის და მამაკაცის დეფინიციები:

  • ქალი - მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი;
  • მამაკაცი - მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტი ეხება: ქორწინების, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის აკრძალვის, ლგბტ სექსის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელების აკრძალვის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ მიმართული ინფორმაციის ტელეეტერით გავრცელების აკრძალვის, ასევე, ამ საკითხებზე სატელევიზიო რეკლამის გავრცელების აკრძალვის და ლგბტ ურთიერთობის ან ინცესტის „პოპულარიზაციისკენ მიმართული საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის“ ჩატარების აკრძალვის საკითხებს.

კანონპროექტი ასევე კრძალავს შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფას.

დაგეგმილი ცვლილებით, 17 მაისი ოფიციალურად განისაზღვრება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ და გამოცხადდება უქმედ.

შინაარსობრივი რეგულირება

კანონპროექტთა პაკეტი მოიცავს ცვლილებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში და ეხება მუხლს, რომელიც კონკრეტულ შემთხვევებში ითვალისწინებს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას.

თუ დღემდე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს, მაგალითად, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზება, მუქარა, პერსონალური მონაცემების ან საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება, შესწორების მიღების შემთხვევაში, ჩამონათვალს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმად, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის ნებისმიერი მოთხოვნა გახდება შინაარსობრივი რეგულირების საფუძველი.

ფილმებიდან სცენების ამოჭრა

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, მაუწყებლები ვალდებულები იქნებიან, არ გაავრცელონ ისეთი რეკლამა და ინფორმაცია, რომელიც მიმართულია ლგბტ „ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.

როდესაც საქმე ეხება ტელეეთერში ფილმის ჩვენებას, ლგბტ სექსისა და ინცესტის ამსახველი კადრების ეთერში გაშვება იკრძალება.

მანიფესტაციების აკრძალვა

ცვლილებები, რომელთა მიღებასაც საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, შეეხება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს. აქამდე მანიფესტაციის ჩატარება დაუშვებელი იყო იმ შემთხვევაში თუ ამით საფრთხე ემუქრებოდა კონსტიტუციურ წყობილებას და მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; „ქართული ოცნების“ ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ასევე, აიკრძალება ლგბტ ურთიერთობის ან ინცესტის „პოპულარიზაციისკენ მიმართული საჯაროდ შეკრება ან/და მანიფესტაციის ჩატარება“.

სასწავლო დაწესებულებები

კანონპროექტი კრძალავს ლგბტ ურთიერთობებისა და ინცესტის პოპულარიზაციას საბავშვო ბაღების, სკოლების, პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებში. ამავე ინფორმაციის გავრცელება იკრძალება დაწესებულებების ტერიტორიაზე.

თითოეული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებსა და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, აგრეთვე - ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხვა წევრები: დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

ამ კანონპროექტის განხილვისთვის წამყვანი არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა სავალდებულო დასკვნები უნდა მოამზადონ.

შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივის ძირითადი პრინციპები 4 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა.

როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს, ამიტომ, მოქმედი პარლამენტი დაამტკიცებს ახალ კანონსა და მისგან გამომდინარე ცვლილებებს, რისთვისაც ჩვეულებრივი უმრავლესობა საკმარისია. ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე [სრულდება 28 ივნისს] პირველი მოსმენით უყრიან კენჭს, ხოლო საშემოდგომო სესიაზე [იხსნება 3 სექტემბერს] მეორე და მესამე მოსმენით გეგმავენ მის დამტკიცებას.

რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების წელს „არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება“. საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

რაც შეეხება ლგბტ უფლებების შემზღუდავ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ამ საკითხზე შექმნილმა საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიამ მუშაობა 16 მაისს დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ პროექტის განხილვას პარლამენტში.

კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლში (ქორწინების უფლება, დედათა და ბავშვთა უფლებები) შესწორებას ითვალისწინებს. კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლში წერია:

1. ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

პროექტის თანახმად, ამ მუხლს დაემატება მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

პროცედურულად, სწორედ ამ შესწორების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი ახალი კონსტიტუციური კანონის მიღება, რომლის ინიციატორიც ასევე საპარლამენტო უმრავლესობის 83 წევრია.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, ერთდროულად დაიწყება ორივე პროექტის განხილვა. კონსტიტუციური კანონის პროექტი კი კენჭისყრაზე მხოლოდ კონსტიტუციის 30-ე მუხლში შესწორების შეტანის შემთხვევაში დადგება.

კონსტიტუციური კანონის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის (113 დეპუტატის) მხარდაჭერაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას ორი მესამედით (100 ხმით) დაამტკიცებენ, ის მხოლოდ მაშინ ჩაითვლება მიღებულად, თუკი მომდევნო მოწვევის პარლამენტში ამავე რაოდენობის დეპუტატები მხარდაჭერას კიდევ ერთი კენჭისყრით დაადასტურებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG