Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის არჩევნები: ეგზიტპოლები რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენეების წარმატებას ადასტურებს


ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდა დაახლოებით 360 მილიონ ამომრჩეველს, რომელმაც 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ
ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდა დაახლოებით 360 მილიონ ამომრჩეველს, რომელმაც 720 დეპუტატი უნდა აირჩიონ

ევროპარლამენტის არჩევნები ევროკავშირის ქვეყნებში კვირას დასრულდება. პირველი ოფიციალური წინასწარი შედეგები ევროპის დროით შუაღამის შემდეგ გამოცხადდება. თუმცა რიგ ქვეყნებში უკვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები.

კერძოდ, გერმანიაში, ეგზიტპოლების მიხედვით, ოპოზიცია დამაჯერებელ გამარჯვებას აღწევს. იქ მემარჯვენე-ცენტრისტული CDU / CSU კავშირი დიდი სხვაობით პირველ ადგილზეა. მიუხედავად კრემლთან შესაძლო კავშირების გამო აგორებული წინასაარჩევნო სკანდალებისა, მეორე ადგილზე არიან მემარჯვენე პოპულისტური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის"; მმართველი კოალიციის წამყვანი პარტია, კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები, ეგზიტპოლების თანახმად მხოლოდ მესამე ადგილს იკავებენ.
ახალმა პარტიამ, სარა ვაგენკნეხტის კავშირმა, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის სამხედრო დახმარებას, შედარებით წარმატებას მიაღწია. ეგზიტპოლების მიხედვით, მას ხმების 5.5% აქვს, უფრო მეტი ვიდრე თავისუფალ დემოკრატებს.

ავსტრიაში, ეგზიტპოლების მიხედვით, ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კონსერვატორები არიან. ლატვიაში დაწინაურდა ორი მემარჯვენე პარტიაა: ახალი ერთობა, რომელიც მმართველი კოალიციის ნაწილია და ოპოზიციური „ეროვნული გაერთიანება“.

წინასწარი მონაცემებით, ნიდერლანდში წარმატებას მიაღწია ხეერტ ვილდერსის მემარჯვენე-პოპულისტურმა თავისუფლების პარტიამ. მაგრამ მოულოდნელად დაწინაურდა ასევე „მწვანეთა“ და სოციალისტების კოალიცია.

სლოვაკეთში, ეგზიტპოლების მიხედვით, ლიდერობს ოპოზიციური „პროგრესული სლოვაკეთი“, რომელიც უსწრებს პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს „სმერს“. ულტრამემარჯვენე რესპუბლიკა პარტია იქ 12%-ზე მეტს იღებს.

ზოგადად, რიგი ქვეყნების ეგზიტპოლების საფუძველზე, სააგენტოები უკვე პროგნოზირებენ, რომ მემარჯვენე- ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია გაიუმჯობესებს პოზიციებს და ევროპარლამენტის უმსხვილეს პოლიტიკურ ძალად დარჩება. მემარჯვენე კონსერვატორებსა და მემარჯვენე პოპულისტ ევროსკეპტიკოსებსაც მეტი დეპუტატი ეყოლებათ. პირიქით, სავარაუდოდ, ხმებს დაკარგავენ სოციალ-დემოკრატები და მწვანეები.

როგორც Euronews-ი აღნიშნავს, მემარჯვენეების წარმატებებმა შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი ევროპარლამენტში. გარდა ამისა, მემარჯვენეთა წარმომადგენლებს შეეძლებათ იბრძოლონ ევროკავშირში, მათ შორის ევროკომისიაში, ხელმძღვანელი თანამდებობებისთვის.

მაგრამ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ სხვადასხვა მემარჯვენე ძალები ერთმანეთთან თანამშრომლობას: თუ, მაგალითად, მათ შორის რამდენიმე არსებითი უთანხმოებაა მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების საკითხზე, უკრაინის მხარდაჭერის საკითხში პირიქით ისინი ძალიან ერთსულოვანი არიან.

ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდა დაახლოებით 360 მილიონ ამომრჩეველს, რომელმაც 720 დეპუტატი უნდა აირჩიოს. სულ ბოლო საარჩევნო უბნები იტალიაში დაიხურება. ეს ცენტრალური ევროპის დროით 23 საათზე მოხდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG