Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში დააკავეს ბიზნესმენი, რომელიც საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა


გორი. სოსო ბაბაევის ბარი „ბლექ სთარი“
გორი. სოსო ბაბაევის ბარი „ბლექ სთარი“

4 ივნისის საღამოს, გორში ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავეს. მისი ადვოკატი და ახლობლები ფიქრობენ, რომ ბაბაევი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება. ადვოკატმა კახა კალმახელიძემ იოსებ ბაბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულა.

ბაბაევის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დაკავებული ნაცემია, ხოლო ავტომატი და პისტოლეტი მანქანაში მას პოლიციამ ჩაუდო. ადვოკატს დაკავებულმა უთხრა, რომ ჩხრეკის დროს მას შსს-ს წარმომადგენლები ეუბნებოდნენ, რომ ოპოზიციურ პარტიებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„დაკავებას უკავშირებს პოლიტიკური სახის აქტიურობებს. დააკავეს 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჩაუდეს პისტოლეტი ერთი და ავტომატი. დამსწრე არ დაისწრეს ჩხრეკის დროს, თვითონ განათავსეს ავტომანქანაში, შემდეგ დაიწყეს გადაღება, თითქოს პირველად გაჩხრიკეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ, ტანსაცმელი შემოახიეს, თავზე, სახეზე და ტანზე აქვს დაზიანებები, მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში. გაჩერებას, დანებებას არ აპირებს, მტკიცებულება გვაქვს, რომლითაც ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ", - ამბობს ადვოკატი კახა კალმახელიძე.

ბიზნესმენი, აქტივისტი სოსო ბაბაევი
ბიზნესმენი, აქტივისტი სოსო ბაბაევი

იოსებ ბაბაევი გორში ფლობს ბარ „ბლექ სთარს“, რომელშიც აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების გადახაზული ფოტოები განათავსა და მათ იქ შესვლა აუკრძალა. რესტორნის ღობეზე გამოფენილია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბაბაევი უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთის შეკრებით და ადგილზე ჩატანითაც იყო დაკავებული. ბოლო დროს როგორც თბილისში, ისე გორში "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ აქციებში იგი აქტიურად მონაწილეობდა. ბაბაევი წინასწარი დაკავების იზოლატორში ახლა ბრალის წარდგენას ელოდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გადაზიდვას გულისხმობს და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG