Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს - იენს სტოლტენბერგი


"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
"ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს, მაგრამ არ გვიმსჯელია იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოსთვის, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ, რიკარდ იოზვიაკთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„საქართველო ჩვენი პარტნიორია. ახლახან ვიმყოფებოდი საქართველოში. და მნიშვნელოვანია, რომ ვითანამშრომლოთ ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო. ამავე დროს, ახალ კანონს "უცხოელი აგენტების შესახებ" საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს და, შესაბამისად, ნატოს მოკავშირეებმა და ბევრმა სხვა ქვეყანამ გამოთქვეს შეშფოთება. და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქართველი ხალხის მისწრაფება, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

28 მაისს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა, განაცხადა, რომ ევროკავშირის პასუხზე „საგარეო საქმეთა ივნისის საბჭოზე იმსჯელებენ“.


რადიო თავისუფლება ნატოს გენერალურ მდივანს შეეკითხა, მოჰყვება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე.

იენს სტოლტენბერგი: „ეს საკითხი არ განხილულა. და ჩვენი პარტნიორობა ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დიალოგი პარტნიორობის ნაწილია. და პრობლემების წამოჭრაც ამ პოლიტიკური დიალოგის ნაწილია“.

რიკარდ იოზვიაკი: და დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად?

იენს სტოლტენბერგი: „დიახ, საქართველომ წევრობისთვის მოგვმართა. ჩვენ მისთვის ჯერ არ მიგვიცია გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, მაგრამ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს“.

პრაღაში 31 მაისს დასრულდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის დახმარებისა და მომავალი ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგის შესახებ მსჯელობდნენ.

მინისტერიალს რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG