Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე მიიჩნევს, რომ გერმანია ფიშერისნაირ ელჩებს საქართველოსნაირ ქვეყნებში არ უნდა გზავნიდეს


მარცხნიდან: პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში და ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში. მარტი, 2024 წელი
მარცხნიდან: პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში და ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში. მარტი, 2024 წელი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერ ფიშერს, პარტია „ლელოს“ მხარდამჭერს უწოდებს და ამბობს, რომ გერმანია მისნაირ ელჩებს საქართველოში არ უნდა გზავნიდეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თქვა მედიასთან კომენტარში, თბილისში ბაგების ხიდის გახსნის ცერემონიაზე ყოფნისას.

„გერმანიის ელჩი 'ლელოსთან' ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე. ბოლნისში იყო ჩასული 'ლელოს' ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებას დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და მე იმედი მაქვს, რომ ეს არის 'ლელოს' მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს პასუხი რეაქციაა გერმანიის ელჩის ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებაზე გამოცემა BMG-სთან. გერმანიის ელჩის განცხადებით, სანამ „აგენტების კანონი“ იქნება ძალაში, ევროკავშირი არ გახსნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს საქართველოსთან.

საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.

„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 60 დღე ექნებათ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG