Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან - გერმანიის ელჩი


 პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში
პიტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი საქართველოში

გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ისევ აღნიშნავს, რომ მანამ, სანამ ე.წ. აგენტების კანონი ძალაში იქნება, ევროკავშირი არ გახსნის მოლაპარაკებებს საქართველოსთან. ამის შესახებ ელჩმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

პიტერ ფიშერს ჰკითხეს, თუ სად დგას ახლა საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, რაზეც ელჩმა უპასუხა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, მომდევნო ნაბიჯი მოლაპარაკებების გახსნა უნდა ყოფილიყო.

"საქართველო არის [ევროკავშირის] კანდიდატი ქვეყანა. ეს იყო უზარმაზარი ისტორიული ნაბიჯი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. შემდეგი ნაბიჯი უნდა ყოფილიყო გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, ყველა ქვეყანა მზადაა მოლაპარაკებები დაიწყოს, თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. სანამ ეს კანონი იქნება ძალაში, ჩვენ არ გავხსნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან".

28 მაისს საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, დაძლია „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო და 84 ხმით კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.

კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა, მას ხუთი დღის ვადაში პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონპროექტს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

კანონის გამოქვეყნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 60 დღე ექნებათ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა“ რეესტრის შესაქმნელად. როცა ეს ეტაპიც დასრულდება, „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.

ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების, დასავლეთის არაერთი დაჟინებული მოწოდებისა და ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება აცხადებდა, რომ არ აპირებდა უარი ეთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე.

„აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.

ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა".

კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საპასუხო ზომების მიღებას აპირებს ევროკავშირიც. მანამდე არაერთხელ ითქვა, რომ კანონი ააცდენს საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირში გაწევრიანების გზას და ის არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG