როგორც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ისინი "ღრმა მწუხარებას" გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომელთა საფუძველზე გაიწერა კანონის გაუქმების მკაფიო რეკომენდაცია.
"ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი ამოქმედება იწვევს უკანდახევას ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამთან დაკავშირებით (ეს ნაბიჯები ეხება დეზინფორმაციას, პოლარიზაციას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას) და უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯის არსებითად შესრულების კუთხით.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო ამ დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ საჭიროა მმართველი ხელისუფლების ძლიერი ვალდებულება.
ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ მისი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის", - წერია განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი", რომლის წინააღმდეგაც მძლავრი სამოქალაქო პროტესტი თვეზე მეტია გრძელდება, საბოლოოდ 28 მაისს მიიღო. მას ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა.
ფორუმი