Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა ომს და ტანკებს“- პრაღაში ნატოს მინისტერიალი საპროტესტო აქციის ფონზე იწყება


ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 30 მაისს მუშაობას დაიწყებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც ალიანსის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები და ელჩები ძირითადად ვაშინგტონის სამიტის დღის წესრიგსა და რუსეთ-უკრაინის ომზე იმსჯელებენ.

ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის კონტექსტში, მინისტრები ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს უკრაინას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოახლოებულ სამიტამდე დარჩენილ პერიოდში.

სამიტზე მოისმენენ მასპინძელი ქვეყნის ინფორმაციას იმაზე, როგორ მიმდინარეობს უკრაინისათვის 800 ათასი საარტილერიო ჭურვის შეძენა, რომლის ინიციატივაც ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველს ეკუთვნის.

ნატოს მინისტერიალზე აკრედიტებული უკრაინელი ჟურნალისტების ხელთარსებული ინფორმაციით, მოელიან, რომ ამ ჭურვების პირველ პარტიას, რამდენიმე ათეულ ათას ჭურვს, უკრაინა ივნისში მიიღებს.

ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყანა, მათ შორის სლოვაკეთი და ჩეხეთი, ეწინააღმდეგებიან უკრაინისათვის სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის მიწოდებას.

მინისტერიალის დაწყებამდე, პრაღის ისტორიული ჩერნინის სასახლის წინ შეიკრიბა რამდენიმე ათეული პაციფისტი, რომლებსაც გამოტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერებით: "მსოფლიო ომის გარეშე!" და "არა ტანკებს!"

პრაღის ნატოს არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას იღებს ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების უმრავლესობა, მათ შორისაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც კიშინიოვიდან ჩავიდა ჩეხეთში და უკვე გამართა შეხვედრა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG