Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანექსირებულ ყირიმზე მორიგი შეტევა იყო


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის პორტის ერთ-ერთი ნავმისადგომი
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის პორტის ერთ-ერთი ნავმისადგომი

აფეთქებები იყო რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ქერჩში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, 30 მაისს, შუაღამის შემდეგ, ათზე მეტი აფეთქება მოხდა. ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „მტერმა“ რაკეტებით შეუტია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

ანექსირებული ყირიმის ე.წ. ტრანსპორტის მინისტრმა ნიკოლაი ლუკაშენკომ გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებმა დააზიანა ერთი საავტომობილო და ერთი სარკინიგზო ბორანი. ლუკაშენკოს თანახმად, მეზღვაურებს და სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი არ არის, საბორნე მიმოსვლა კი დაზიანებების შეფასების შემდეგ განახლდება. რამდენიმე საათით დაკეტილი იყო ყირიმის, იგივე ქერჩის ხიდი.

ქალაქი ქერჩი მდებარეობს ყირიმის აღმოსავლეთ ნაწილში, აზოვის და შავი ზღვების დამაკავშირებელი ქერჩის სრუტის ნაპირზე.

უკრაინას ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

უკრაინას თავის ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული რუსული სამხედრო და სხვა ის ობიექტები, რომლებსაც რუსეთი ომისთვის იყენებს.

ყირიმზე რაკეტებით და დრონებით შეტევა ხშირად ხდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG