Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება გამარჯვებულად


ანაკლია, 2014 წელი
ანაკლია, 2014 წელი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა, წარადგინა. დეტალებზე მან სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს კომპანია უკვე ჩაითვალოს კონკურსში გამარჯვებულად, დავითაშვილმა უპასუხა, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად არის შევსებული, „დიდი შანსია, რომ კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადოს. ამისთვის რამდენიმე დაზუსტებაა საჭირო და ვფიქრობ, რამდენიმე დღეში შეგვიძლია გამოვაცხადოთ გამარჯვებული“.

წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა. ეს არის კომპანია CCC [China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore)], რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი: CRBC [China Road and Bridge Corporation-ი] და Qingdao Port International Co. Ltd. უახლოეს ხანებში გვექნება კომისიის მიერ წინადადებების შეფასება და უახლოეს რამდენიმე დღეში გამოვავლენთ გამარჯვებულს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პირველი კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, სახელმწიფომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკუთარი სახსრებით აშენების პირობა დადო. მთავრობის თანახმად, ინვესტორს პორტის მხოლოდ 49%-იანი წილი ექნება.

2023 წლის სექტემბერში, ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გამოაცხადა, რომ პორტის 49%-იანი წილის ფლობის სურვილი ოთხმა კომპანიამ გამოთქვა, მათგან ორი კონსორციუმი კი ფინალურ ეტაპზე გადავიდა:

  1. ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი,
  2. შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კონსორციუმი.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა დღეს, 29 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათგან წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა.

გასული წლის ოქტომბერში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა, ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის სხდომაზე, რომელზეც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განიხილებოდა, ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "კრიტიკული ინფრასტრუქტურა არ უნდა ეკუთვნოდეს სახელმწიფოებს, რომლებიც მიითვისებენ ან მოისყიდიან ქვეყნებს, რომლებშიც ოპერირებენ და ეს მოიცავს საპორტო ინფრასტრუქტურასაც, როგორიცაა ანაკლიაში. როგორც ვიცი, ამ ტენდერში არის ორი ფინალისტი. პროექტის დასრულებას წლები დასჭირდება. არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი და ასევე დასავლური კონსორციუმი". ო'ბრაიენის თქმით, გააგრძელებენ ძალისხმევას, რომ "ანაკლიის" პორტი იმართებოდეს ისეთი კომპანიის მიერ, რომელიც მუშაობს კანონის ფარგლებში."

ფორუმი

XS
SM
MD
LG