განცხადებაში, რომლითაც ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართავენ, ნათქვამია, რომ ბოლო დროს საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები მათთვის "შემაშფოთებელია". მათივე შეფასებით, ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებით ხელმძღვანელობის ვალდებულებაც აიღო საქართველომ.
"ის სულისკვეთება და შინაარსი, რაც აქვს საქართველოს პარლამენტში მიღებულ "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონს", შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან. კანონი გააჩუმებს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში და წარმოადგენენ ინსტრუმენტს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.
ჩვენ მოგიწოდებთ, გაიწვიოთ ეს კანონი და ჩაერთოთ ინკლუზიურ დიალოგში სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან.
ჩვენ ასევე მოგიწოდებთ, პატივი სცეთ შეკრების ფუნდამენტურ უფლებას და შეწყვიტოთ ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. [...]" - წერია მიმართვაში.
14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.
კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთიდან მოწოდებების, ასევე ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება” არ აპირებს, უარი თქვას კანონზე.
პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, სამშაბათს, 28 მაისს დანიშნულ პლენარულ სხდომაზე გეგმავს ვეტოს დაძლევას.
ფორუმი