Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში განიხილეს "აგენტების კანონის" საპასუხო ზომები


საპროტესტო აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. თბილისი, 26 მაისი, 2024.
საპროტესტო აქცია "აგენტების კანონის" წინააღმდეგ. თბილისი, 26 მაისი, 2024.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილეს, სიტყვით რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა. ისინი განიხილავდნენ „აგენტების კანონის“ მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის შესაძლო საპასუხო ზომებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ "აგენტების კანონი" არღვევს საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემულ სამ დათქმას და არ შეესაბამება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. მან პირობა დადო, რომ ამ საკითხზე საჯაროდაც განაცხადებს.

კოპენჰაგენის კრიტერიუმები:

პოლიტიკური - „იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას”.

ეკონომიკური - „ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს კონკურენციის წნეხსა და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით”.

წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან გამკლავების უნარი - „მათ შორის იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკის გატარება, რომელთაგანაც შედგება ევროპული კანონმდებლობა”.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია (Intergovernmental conferences IGC), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას.

რადიო თავისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, დისკუსია იყო ხანმოკლე, გასტანა დაახლოებით 20 წუთს და მასში მონაწილეობდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, შვედეთის უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

დღეს, 27 მაისს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

14 მაისს ხალხმრავალი პროტესტისა და უცხოელი პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, 18 მაისს კი მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და კიდევ ერთხელ უწოდა „რუსული კანონი“.

კანონის წინააღმდეგ საქართველოში მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლებისა და დასავლეთიდან მოწოდებების, ასევე ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნის მიუხედავად, „ქართული ოცნება” არ აპირებს, უარი თქვას კანონზე.

პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს, სამშაბათს, 28 მაისს დანიშნულ პლენარულ სესიაზე გეგმავს ვეტოს დაძლევას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG