Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატი


რუსეთის საელჩო ბუქარესტში. 27 მარტი, 2018.
რუსეთის საელჩო ბუქარესტში. 27 მარტი, 2018.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბუქარესტში რუსეთის საელჩოში მომუშავე დიპლომატი. ის ეჭვმიტანილია „საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“. ამის თაობაზე იტყობინება რადიო თავისუფლების რუმინული სამსახური.

რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ. ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს. მანამდე რუმინეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ დაკავებულია რუმინეთის მოქალაქე, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ვერსიის თანახმად, 2022 წლის დასაწყისიდან ის რუმინეთში უთვალთვალებდა ნატოს სამხედრო ობიექტებს, რომლებიც უკრაინის საზღვარზე მდებარეობს. შეგროვილ ინფორმაციას ის თითქოს რუსეთის დიპლომატებს აწვდიდა.

2024 წლის აპრილში რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უზენაესმა საბჭომ განაცხადა, რომ ქვეყანაში მოხვდნენ რუსეთის ჯაშუშები, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებად იყვნენ შენიღბული. ისინი თითქოს ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, ცდილობდნენ მოეპოვებინათ ინფორმაცია უკრაინის მიმართ დახმარების, სამხედრო სწავლებებისა და ქვეყანაში ჯარების განლაგების შესახებ.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ რუმინეთი შეუერთდა მოსკოვის მიმართ სანქციებს. 2022 წელს ბუქარესტმა რუსეთის რამდენიმე დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან, ასევე შეზღუდა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. 2023 წლის ივლისში რუმინეთმა გადაწყვიტა, ბუქარესტში რუსეთის დიპლომატების რაოდენობა გაეთანაბრებინა მოსკოვში რუმინეთის დიპლომატების რაოდენობისთვის. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა რუსეთის 40 მოქალაქეს, რომელთა შორის 11-ს დიპლომატის სტატუსი ჰქონდა. ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვოტები დააწესა რუსეთში რუმინეთის დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების რაოდენობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუმინეთის ხელისუფლებას ბრალი დასდო, რომ ის არამეგობრულ პოლიტიკას ატარებს მოსკოვის მიმართ და რუსეთის დიპლომატებს ხელს უშლის რუმინეთში მუშაობაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG