პოლიციის მიერ ირაკლი წიგნაძის ცემის ვიდეოკადრები 10-11 მაისის ღამით გავრცელდა - ის და მისი მეგობრები თავისუფლების მოედნიდან ლეონიძის ქუჩისკენ მიდიოდნენ ავტომობილით, როდესაც ის პოლიციელებმა მოქალაქეს სცემეს, შემდეგ კი დააკავეს.
ინციდენტი პოლიციის მხრიდან გზის დათმობის მოთხოვნას მოჰყვა. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ირაკლი გვიყვება, რომ გზის სავალზე ნაწილზე საკმარისი ადგილი იყო, პოლიციის მანქანებს და ავტობუსს რომ გაევლოთ, ამიტომ პოლიციელებს ასეც უპასუხა.
თუმცა, როგორც ირაკლი იხსენებს, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციელმა მას შეაგინა, რაზეც პასუხად გინება მიიღო. ვიდეოში ჩანს კადრები, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად პოლიციელები მანქანაში მყოფ ირაკლი წიგნაძეს.
ჩანან კონკრეტული სამართალდამცავებიც, რომლებსაც სახე არ აქვთ დაფარული. მათგან ერთ-ერთი, რომელიც წიგნაძეს თავსა და სახეში გამეტებით ურტყამს, ირაკლი წიგნაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სამსახურს ჩამოშორებულია, თუმცა დაზუსტებით არ იცის, გაათავისუფლეს თუ არა პოლიციელი სამსახურიდან.
სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ირაკლი წიგნაძე მომხდარს კიდევ ერთხელ იხსენებს და ამბობს, რომ „აგენტების კანონით“ გამოწვეულ პროტესტს ხელისუფლება ძალის გამოყენებით ვერ ჩაახშობს.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 15 აპრილიდან 15 მაისამდე 193 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესის დარღვევისთვის. ხოლო 9 ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავებიან.
ჯერჯერობით არცერთი დაკავებული პოლიციელის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ფორუმი