Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება“ - მდინარაძე MEGOBARI Act-ზე


მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი

„ქართული ოცნების“ ოფიციალური განცხადების შემდეგ, MEGOBARI Act-ს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მისი შეფასებით, ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე.

„ის, რასაც აშშ-ს პოზიციად ცდილობენ დღეს გაყიდონ, ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კონგრესმენის ინიციატივაა, რომლის მსგავსი არაერთი დაინიცირებულა, თუმცა უშედეგოდ.

ინიციატივა ერთდროულად შეიცავს მუქარას და ქვეყანასთან ვაჭრობას მის სუვერენიტეტზე. მუქარას - სანქციებით, ვაჭრობას - ვიზალიბერალიზაციით, სამხედრო დახმარებით და თავისუფალი ეკონომიკური ურთიერთობით“, - წერს მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებს, „ჩამქრალი საპროტესტო მუხტი“ უწოდა, MEGOBARI Act-ის მიზნად კი მისი გაღვივება დაასახელა.

„რეალურად, ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება. ის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის. ვხედავთ მათ შესაბამის, ისტერიულ რეაქციებსაც.

წარმოუდგენელია მეგობარი ქვეყნის კანონმდებლისგან სანქციებით მუქარაც და ქვეყნის ბედზე და მის სუვერენიტეტზე ვაჭრობაც“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, ვაშინგტონმა შესაძლოა, საქართველოს გამოუყოს დახმარების მსხვილი პაკეტი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში, თუკი საქართველოს მთავრობა შეწყვეტს მზარდად ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების კუთხით.

POLITICO წერდა, რომ თავად გაეცნო კანონპროექტს, რომელიც კონგრესს ამ კვირაში წარუდგინა სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა. დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც MEGOBARI Act ჰქვია, ამერიკის ბაზრებთან გაუმჯობესებული წვდომის გარდა, კანონპროექტი გამოდის აშშ-ის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოწოდებით საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს „უცხოური გავლენის გამტარებად“ რეგისტრაციას დაავალდებულებს. კანონპროექტი ჯერ არ ამოქმედებულა, მას 18 მაისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.

ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს.

კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, მის წინააღმდეგ ერთ თვეზე მეტია თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარებს.

ცნობილია, რომ 24 მაისს თბილისში, თავისუფლების მოედნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომდე, მარშია დაგეგმილი. ორგანიზატორების ინფორმაციით, მსვლელობა 19:00 საათზე დაიწყება და დემონსტრანტები სოლიდარობას გამოუცხადებენ პროტესტში მონაწილე ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დაზარალებულ პირს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG