Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში დააკავეს რუსეთის დაკვეთით დივერსიებში ეჭვმიტანილი პირები


პოლონეთის პოლიცია - საილუსტრაციო ფოტო
პოლონეთის პოლიცია - საილუსტრაციო ფოტო

პოლონეთში დაკავებულია ცხრა პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან საბოტაჟსა და დივერსიაში რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განუცხადა ტელეკომპანია TVN24-ს.

ტუსკის ინფორმაციით, ბრალდებულები არიან უკრაინის, ბელარუსის და პოლონეთის მოქალაქეები, რომელთა ნაწილი „კრიმინალური სამყაროდანაა“.

დონალდ ტუსკის თანახმად, ქალაქ ვროცლავში აღიკვეთა საღებავების ქარხნის დაწვის მცდელობა. პოლონეთის პრემიერმა პარალელი გაავლო 9 მაისს ლიეტუვაში, IKEA-ს საწყობში გაჩენილ ხანძართან. ტუსკს ეჭვი არ ეპარება, რომ დივერსიებთან კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებს. ისინი განსაკუთრებით გააქტიურდნენ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

პოლონეთის პრემიერმა სიტუაციას ძალიან სერიოზული უწოდა და განაცხადა, რომ დივერსიული აქტები იგეგმებოდა ლატვიასა და შვედეთშიც. ტუსკის თქმით, პოლონეთის სპეცსამსახურები ეფექტიანად მუშაობენ და მოკავშირეებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.

14 მაისს პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში იყო ხანძრების, სავარაუდოდ, განზრახ გაჩენის რამდენიმე შემთხვევა, რაც შესაძლოა, უკავშირდებოდეს სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობას.

2024 წლის აპრილში, პოლონეთში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ლიეტუვაში რუს ოპოზიციონერ ლეონიდ ვოლკოვზე თავდასხმაში და მისი დამკვეთი, რომელიც გამოძიების თანახმად, რუსეთის ინტერესებით მოქმედი ბელარუსის მოქალაქეა.

2023 წლის დეკემბერში, პოლონეთის სასამართლომ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობასა და რკინიგზაზე დივერსიების მზადებაში ბრალდებულ 14 პირს. 11 მათგანი უკრაინის მოქალაქეა, ორი - ბელარუსის და ერთი - რუსეთის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG