Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი!" - ქაცარავა ცემის დეტალებს იხსენებს


ნაცემი დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკის დატოვების შემდეგ. 20 მაისი, 2024 წელი
ნაცემი დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკის დატოვების შემდეგ. 20 მაისი, 2024 წელი

"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებისას ნაცემი დავით ქაცარავა, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ცემის დეტალებს იხსენებს. იგი 20 მაისს გამოწერეს ინგოროყვას კლინიკიდან. 

როგორც ქაცარავა ამბობს, ხუთჯერ სცემეს და ამ პროცესის განმავლობაში, სპეცრაზმელებმა წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის, ტელეფონი და ფული.

"რას დაეთრევი ამ საოკუპაციო ხაზზე, შენი დ*** - შემაგინა ე.წ. სპეცრაზმელმა", - ჰყვება ის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში და იხსენებს, რომ ამ სიტყვებს მისი მისამართით 10-12 სპეცრაზმელის მხრიდან დარტყმა, გინება, "მუშტების და წიხლების წვიმა" მოჰყვა.

"მოეწონათ ჩემი სამხედრო ჩანთა და ამაგლიჯეს ეგრევე. ჯიბიდან ამოღებული საფულე გაშალეს, დაინახეს ფული და ეგრევე ჯიბეში იტაკა ერთერთმა შავრაზმელმა. ტელეფონი კიდევ ვიღაცის ჯიბეში აღმოჩნდა წამებში. კარაბინზე ჩამოკიდებულ ხელთათმანს და მანქანის გასაღებს ვერაფერი მოუხერხეს, ტანზე დამაგრებულ ტაქტიკურ ჩანთასაც ვერაფერი გაუგეს და რამდენიმე წუთით თავი დამანებე", - ამბობს ის.

ქაცარავას სიტყვებით, მთავარი მოქმედება კი დაიწყო მეორე, "დიდი ცემის" შემდეგ, როცა ფურგონში "შეაგდეს" და ზურგს უკან ხელებშეკრულს გაუსწორდნენ.

"ნახევარი საათის განმავლობაში, ზურგს უკან შეკრულ ხელებიანს, 3-4 ჯალათი უმოწყალოდ მცემდა. სასტიკად, გამიზნულად. დამიზნებით თავში, სახეში. ხელებზე სპეციალური, კასტეტიანი ხელთათმანით, პროფესიონალურად დაყენებული დარტყმებით მილეწავდნენ სახის ძვლებს.

მესამე ცემა მანქანაში, ჯამში მეხუთე, ყველაზე საშინელი გამოდგა. შეგრძნებით, უსასრულოდ გაგრძელდა ლეწვის ეს პროცესი. ბოლოს ყურში ჩამესმა ერთ-ერთი ჯალათის შეძახილი - მოკალი ამის დედას შე**ცი! ეგრევე ვიგრძენი ჩემს კისერზე შემოჭერილი ყელსაბამის ძალა - მგუდავდნენ. არ ვიცი, რამდენი ხანი გავძელი, რამდენ ხანს მგუდავდნენ. უკვე ვფიქრობდი, რომ ცემაში სულს ამომხდიდნენ. მეხუთე ცემა დასრულდა, როდესაც ჩემი გასისხლული და დალეწილი სახე გადაუგზავნეს თავის დამკვეთებს", - ჰყვება ქაცარავა.

დავით ქაცარავას ცემის ფაქტზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 14 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში თვეზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება. მათში ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტების დიდი ნაწილი კი გაფიცულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG