Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა


ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ვეტო ე.წ. აგენტების კანონზე განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

ცნობილი არ არის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი როდის განიხილავს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. პარლამენტში დაგეგმილ ღონისძიებათა ანონსის თანახმად, მიმდინარე კვირის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დანიშნული არ არის.

კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, ვეტოს დადების შემდეგ, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა უყაროს კენჭი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე მომავალ (28-31 მაისის) სასესიო კვირაში წარადგენენ. პაპუაშვილმა წინასწარ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს.

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში შესწორების შეტანა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს და შეკითხვებს დასვამენ პარლამენტის წევრები. ამის შემდეგ კომიტეტი მოტივირებულ შენიშვნებს კენჭს უყრის, რომლის შედეგებისგან დამოუკიდებლად, საკითხი გავა პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯერ კენჭს უყრიან პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს (ვეტოს), მისი ჩაგდების შემთხვევაში კი სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტისთვის კიდევ ერთ კენჭისყრაზე ხმის მიცემა არის საჭირო (არანაკლებ 76 მომხრე) იმისთვის, რომ ვეტო დაძლეულად ჩაითვალოს (საპარლამენტო უმრავლესობა 80-ზე მეტ ხმას აკონტროლებს). ამის შემდეგ პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს კანონპროექტის ხელმოსაწერად. თუკი ამ ვადაში მან დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „აგენტების კანონს“. მისი თქმით, ეს არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის კონსტიტუციას, ისე ევროპულ სტანდარტს.

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს პროცედურის გამოყენებით კანონპროექტს მხოლოდ ერთი წინადადება დაამატა: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში“.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

სამივე მოსმენით მიღებული „აგენტების კანონი“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG