ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დაიღუპნენ. პრეზიდენტის სიკვდილი დაადასტურა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰსენ მანსურიმ.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.
ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იყვნენ პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, ქალაქ თავრიზის იმამი, პრეზიდენტის დაცვის უფროსი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ორი პილოტი და ტექნიკოსი.
ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს.
- მკაცრი კურსის მიმდევარი, 63 წლის ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ.
- 60 წლის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ და ირანის პარლამენტის სპიკერის სპეციალურ თანაშემწედ.
ირანის კანონებით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ამჟამად ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტია მოჰამად მოხბერი. ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 50 დღეში უნდა ჩატარდეს.
ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში პრეზიდენტი მეორე ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის შემდეგ. ირანის დღევანდელი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეია. ებრაჰიმ რაისის მიიჩნევდნენ აიათოლა ალი ხამენეის პროტეჟედ და მის პოტენციურ მემკვიდრედ ისლამური რესპუბლიკის შიიტურ თეოკრატიაში.
რაისი ირანის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა 2017 წელსაც და დამარცხდა შედარებით ზომიერ ჰასან როჰანისთან. 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობა აუკრძალეს ებრაჰიმ რაისის ყველა პოტენციურად მნიშვნელოვან ოპონენტს, მან ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის ფონზე, ხმების 62%-ით გაიმარჯვა. ეს ირანის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
ებრაჰიმ რაისის პრეზიდენტობის დროს ირანის მოსახლეობაში მკეთრად გაიზარდა უკმაყოფილება ეკონომიკური და სოციალური პრობლემების და ადამიანის, განსაკუთრებით ქალების უფლებების უხეშად დარღვევის გამო.
რაისის პრეზიდენტობისას ირანმა გააღრმავა ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან და გააძლიერა კონფრონტაცია დასავლეთთან და ისრაელთან, რომელსაც თეირანი მოსისხლე მტრად მიიჩნევს.
ისლამური რესპუბლიკის კრიტიკოსები ებრაჰიმ რაისის მოიხსენიებენ „თეირანის ჯალათად" 1988 წელს, პოლიტპატიმრების სიკვდილით მასობრივად დასჯაში თავისი როლის გამო. იმ პერიოდში რაისი თეირანის პროკურორის მოადგილე იყო. მისი კარიერული წინსვლა დაიწყო 1989 წლიდან, როცა ხამენეი გახდა ირანის უზენაესი ლიდერი.
19 მაისს, ირანის მთიან რეგიონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის დარჩა ცოლი ჯამილე ალამოლჰოდა და ორი ქალიშვილი.
ფორუმი