დღეს, 20 მაისს, მაშველებმა ირანის ჩრდილო-დასავლეთში მიაკვლიეს ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენის კატასტროფის ადგილს. ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპოვნია, გადარჩენილი - არავინ.
როგორც ადგილობრივი, ისე დასავლეთის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ცოცხალი არავინაა. პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთად ვერტმფრენში იმყოფებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი, ასევე - ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი და ქალაქ თავრიზის იმამი.
ირანის სახელმწიფო სააგენტო IRINN-ი და ნახევრად ოფიციალური Mehr News-ი წერენ, რომ გადარჩენილი არავინაა. ეს დაადასტურეს ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაშიც.
სააგენტო Reuters-ს ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა უთხრა, რომ ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.
ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც.
- 63 წლის ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ.
- 60 წლის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ და ირანის პარლამენტის სპიკერის სპეციალურ თანაშემწედ.
ფორუმი