Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო: ეს არის რუსული კანონი


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. ამის შესახებ მან რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა და აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც მმართველმა პარტიამ მიიღო რამდენიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად, არის „რუსული კანონი“.

„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს. ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, გაუმჯობესებას. ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო - ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„აგენტების კანონი“, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტს უბრუნდება განსახილველად. ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია, საპარლამენტო უმრავლესობას კი მეტი - 83 ხმა აქვს.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

პარლამენტში სამივე მოსმენით მიღებული „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG