Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩვეულებრივი სახელმწიფო ტერორია" - შსს აქციის მონაწილეებს იბარებს


საპროტესტო აქცია პარლამენტთან - "არა რუსულ კანონს". 13 მაისი, 2024 წელი
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - "არა რუსულ კანონს". 13 მაისი, 2024 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს გამოკითხვაზე იბარებს.

როგორც პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, შსს ხალხს "მასიურად" იბარებს და მათ შორის, მასაც დაუკავშირდნენ "აქციებთან დაკავშირებით" გამოკითხვაზე დასაბარებლად. იგი მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე არ მივიდნენ.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზურაბ ჯაფარიძე ჰყვება, რომ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელს მისთვის არ აუხსნია, რა საქმის ფარგლებში დაიბარეს და ამბობს, რომ მათთან საუბრისას, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციიდან ვრეკავთო და აქციებთან დაკავშირებით გიბარებთ გამოკითხვაზეო - მითხრეს. ვუთხარი, მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით მოგცემთ გამოკითხვის საშუალებას-მეთქი, რაზეც თქვეს, ხო, მაგრამ ჩვენ გიბარებთო. ვუპასუხე, ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, მაქვს უფლება მოსამართლის თანდასწრებით გაგესაუბროთო. დამემშვიდობნენ. წესით, ახლა სასამართლოდან უნდა მომივიდეს რაღაც საბუთი და დამიბარონ", - ამბობს ჯაფარიძე.

მისივე შეფასებით, ეს არის "ჩვეულებრივი სახელმწიფო ტერორი", რათა ადამიანები ქუჩაში აღარ გამოვიდნენ გასაპროტესტებლად:

"ჩვეულებრივი სახელმწიფო ტერორია, რომელსაც ერთის მხრივ ფორმიანი ადამიანები ახორციელებენ და გამოიხატება აქციის მონაწილეების გატაცებით და მათზე ფიზიკური ანგარიშწორებით. მეორეს მხრივ, არიან ზონდერჯგუფები, რომლებიც ადამიანებს უსაფრდებიან ღამით... სახელმწიფო ტერორია ზუსტად ისე, როგორც რუსეთში. აშინებენ ადამიანებს, რომ აღარ გამოვიდნენ და აღარ გააპროტესტონ".

ზურაბ ჯაფარიძე ერთადერთი არაა, ვინც საჯაროდ წერს შსს-ში დაბარებაზე. ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციის კიდევ ერთი მონაწილე ლაშა დიაროვი კრიმინალური პოლიციის მიერ გადაცემულ უწყებას ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, ლაშა დიაროვი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსმა დაიბარა. მასში არაა დაკონკრეტებული საქმის შინაარსი, თუმცა წერია, რომ იგი დაბარებულია სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზნით და უნდა გამოცხადდეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.

დიაროვის თქმით, შსს ამ გზით ხალხის შეშინებას ცდილობს.

"4-მა კაცმა დამირეკა, ზოგი გამომძიებელი იყო, ზოგი უბნის ინსპექტორი, ბოლოს ეს ფურცელი გადმომცეს და წავიდნენ. ხალხის შეშინებას ცდილობენ. არავის არაფრის არ შეგეშინდეთ და განყოფილებაში არ მიხვიდეთ! ადვოკატის გარეშე მითუმეტეს ფეხი არ შედგათ პოლიციის შენობაში", - დაწერა ლაშა დიაროვმა.

ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების კიდევ ერთი მონაწილე ნატალია ყიფშიძე ამბობს, რომ მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი და 20 მაისს სასამართლოშია დაბარებული.

"გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგესთქო? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს. წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა.

თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარემოს შესაქმნელად რომლისგანაც გაქცევის სურვილი არ გვექნება...", - წერს ნატალია ყიფშიძე ფეისბუკის გვერდზე.

აქციის მონაწილეების დაბარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. ამ თემაზე მათი ოფიციალური განცხადება მიღების შემთხვევაში აისახება ტექსტში.

2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში თვეზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება. მათში ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტების დიდი ნაწილი კი გაფიცულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG