Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე ახალგაზრდებს „აგენტების კანონზე“ დებატებს სთავაზობს


"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხიდიდან გადმოფენილი აქვთ ბანერი.
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხიდიდან გადმოფენილი აქვთ ბანერი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს „ჩამცხრალი ემოციების ფონზე” კანონზე “ჯანსაღი დისკუსიის” გამართვას სთავაზობს. განცხადება მან ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

"გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ.

იმედი მაქვს, ჩვენ კონსტრუქციულობასა და ღიაობაზე ამჯერად მაინც მივიღებთ შესატყვის პასუხს და ელჩებისგან და რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებებისგან განსხვავებით, ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებთ ჯანსაღ დისკუსიაში გამჭვირვალობის კანონის შესახებ”, - წერს ირაკლი კობახიძე ფეისბუკის გვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახმად, "ჩვენს ქვეყანას ჰყავს სანიმუშო, გამორჩეულად ნათელი და პროგრესული ახალგაზრდობა და ამ ქვეყნის მართვისა და განვითარების საქმე მომავალში სწორედ მათ უნდა გადაიბარონ."

მანამდე, 10 მაისს, ირაკლი კობახიძემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ჩართულ და "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე. წერილში ის ჩამოთვლიდა მოძრაობებს, რომლებშიც პროტესტის მონაწილეები არიან გაერთიანებული და მათ ძალადობრივად ახასიათებდა.

ამასთან, მან ახალგაზრდები შეადარა გიგლა ბერბიჭაშვილს, რომელმაც ილია ჭავჭავაძეს ესროლა.

პრემიერს მაშინ საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.

ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მისი მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!"

უფრო ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩები „ოპოზიციის ჩანაცვლების მცდელობაში“ დაადანაშაულა და „აგენტების კანონზე“ დებატებში გამოიწვია.

„კანონის განხილვა საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის პრეროგატივაა. ჩვენზე არ არის დამოკიდებული კანონების განსჯა“, - ასე გამოეხმაურა მოგვიანებით მედიასთან საუბარში კობახიძეს საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი.

2024 წლის 14 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში თვეზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება. საპროტესტო აქციებში ათასობით ახალგაზრდა მონაწილეობს. სტუდენტების დიდი ნაწილი კი გაფიცულია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG