Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გულისტკივილით თვალს ვადევნებდით დაპირისპირებას, რომელიც „გამჭვირვალობის კანონს“ უკავშირდება - მეუფე შიო 


ფოტო არქივიდან: მეუფე შიო მუჯირი
ფოტო არქივიდან: მეუფე შიო მუჯირი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირმა „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიასთან შეკრებილი ხალხისთვის მიმართვისას „აგენტების კანონზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის არიან ეკლესიის შვილები.

„ჩვენ დიდი გულისტკივილით თვალ-ყურს ვადევნებდით იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ჩვენი პარლამენტის მიერ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებას. ამ კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები, მათ შორის ძალიან ბევრია ახალგაზრდობა. ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ოჯახურ ღირებულებებს ებრძვიან. თუმცა მას არ უთქვამს ვინ და რატომ. მანვე აღნიშნა, რომ ოჯახის სიმტკიცე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია:

„დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის. ადამიანი ღმერთმა დასაბამიდანვე შექმნა როგორც ოჯახი. ამდენად, ოჯახი არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც თავად ღვთისგან მოგვეცა. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ოჯახს სიწმინდეს“.

დღეს, 17 მაისს, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია „ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს“ აღნიშნავს.

14 მაისს კი საქართველოს პარლამენტმა, ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, მესამე მოსმენით მიიღო „აგენტების კანონი“. პოლიციამ ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე დაკავებულთაგან ცხრა პირის მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმეები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG