Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მონაცემების მიხედვით, ღამის განმავლობაში 102 „უკრაინულ დრონს" ებრძოდნენ


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი „ვამპირი"
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი „ვამპირი"

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა კრასნოდარის მხარესა და ყირიმზე.

მოსკოვში დილით გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ღამის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე „გაანადგურეს“ და „გზად დაიჭირეს“ 51 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო კრასნოდარის მხარეში - 44.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იყენებს ტრადიციულ ფორმულირებას, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა, ტერორისტული აქტები განეხორციელებინა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“. არც ობიექტები და არც დრონებით მასირებული შეტევის შედეგები დაკონკრეტებული არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ყირიმის და კრასნოდარის გარდა, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს ბელგოროდის ოლქში და ერთი - კურსკის ოლქში. შესაბამისად, საერთო ჯამში, საუბარია 102 უპილოტო საფრენ აპარატზე.

უკრაინას დრონებით დღევანდელი მასირებული შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტუაფსეს პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებიან. დრონებით თავდასხმა დაადასტურა ადგილობრივმა ხელისუფლებამ. 17 მაისს დრონებით მასირებული შეტევა იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლზეც, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული.

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის და კრასნოდარის მხარის ხელისუფლების თანახმად, დრონებით შეტევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვას იუწყება ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG