გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტუაფსეს პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებიან. დრონებით თავდასხმას ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლება.
ტელეგრამ-არხები ნოვოროსიისკის მცხოვრებთაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით წერენ, რომ ქალაქში სულ მცირე ათი აფეთქება იყო, მათ შორის პორტში, მაზუთის ტერმინალსა და კომპანია „ტრანსნეფტის“ ტერმინალზე.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „კიევის რეჟიმმა“ ნოვოროსიისკში „უშედეგოდ სცადა სამოქალაქო ობიექტებზე შეტევა“. გუბერნატორი კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს და ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა „ჩაახშეს“ ათზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი. კონდრატიევის თანახმად, დრონების ჩამოვარდნამ გამოიწვია ლოკალური ხანძრები.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე. ამას ადასტურებს კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბი. მისი ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
უკრაინას კრასნოდარის მხარის ობიექტებზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის ამ რეგიონში ნავთობის ბაზებზე იერიში განხორციელდა 9 მაისსაც. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში მაშინ დაადასტურეს, რომ დრონებით იერიში მიიტანეს ქალაქ ანაპასთან მდებარე ნავთობის ორ ბაზაზე.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ათეულობით ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. დრონებით არაერთი იერიში განხორციელდა 2023 წელსაც, მათ შორის კრასნოდარის მხარეშიც.
არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.
ფორუმი