Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის პრემიერის სიცოცხლეს საფრთხე ამ მომენტში არ ემუქრება - პრემიერის მოადგილე


სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო პრესკონფერენციაზე ჰანდლოვაში, სადაც15 მაისს მთავრობის გასვლითი სხდომა ჩატარდა. ფიცოს ამის შემდეგ დაესხნენ თავს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო პრესკონფერენციაზე ჰანდლოვაში, სადაც15 მაისს მთავრობის გასვლითი სხდომა ჩატარდა. ფიცოს ამის შემდეგ დაესხნენ თავს.

თავდასხმის შემდგომი ოპერაციის შემდეგ პრემიერი აღარ იმყოფება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, უთხრა "ბიბისის" 15 მაისს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ტომაშ ტარაბამ.

“შოკირებული ვიყავი…საბედნიეროდ, როგორც ვიცი, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და, ვფიქრობ, გადარჩება… მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ამ მომენტში”, - თქვა მან.

უფრო ადრე სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ თავდასხმისას მიყენებული ჭრილობების გამო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა “განსაკუთრებით სერიოზულია”.

შინაგან საქმეთა მინისტრის, მატუშ ესტოკის თქმით, თავდამსხმელს "პოლიტიკური მოტივი" ამოძრავებდა.

15 მაისს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე სოფელ ჰანდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ რობერტ ფიცო მივიდა ხალხთან, რომელიც მთავრობის მეთაურს ესალმებოდა. პრემიერს ამ დროს ესროლეს.

ფიცოზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი, სხვადასხვა წყაროს თანახმად, არის იურაი ცინტულა, სლოვაკი მწერალი და პოეტი, 71 წლის, რომელიც თავდასხმის იარაღს კანონიერად ფლობდა. თვითმხილველის თანახმად, თავდამსხმელმა პრემიერს დაუძახა და ის მისკენ გაემართა, სავარაუდოდ, ხელის ჩამოსართმევად, როცა გაისმა სროლის ხმა. ეჭვმიტანილი უშუალოდ თავდასხმის შემდეგ დააკავეს.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ დაგმო “სასტიკი" თავდასხმა პრემიერზე და მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა. ფიცოზე თავდასხმას გამოეხმაურნენ და დაგმეს გაეროს, ევროკავშირის, ასევე ცალკეული ქვეყნების ხელმძღვანელები. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მისი ფიქრები ფიცოსთან და მის ახლობლებთანაა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა დაგმო თავდასხმა და მას „საშინელი“ უწოდა. ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ შარლ მიშელმა, ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლამ და ნიდერლანდის პრემიერმა მარკ რიუტემ X-ით განაცხადეს, რომ ამ ამბავმა მათ „შოკი მოჰგვარა“. მიშელის სიტყვებით, „ძალადობას და ასეთ თავდასხმას ვერაფერი გაამართლებს.“

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმას “საშინელი ძალადობრივი აქტი” უწოდა.

ფიცოზე თავდასხმის გამო ღრმა აღშფოთება გამოხატეს მეზობელი ქვეყნების ლიდერებმა - პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა, ჩეხეთის პრემიერმა პეტრ ფიალამ, უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ვიქტორ ორბანმა, ასევე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

ფიცოს მთავრობამ, რომელიც 2023 წლის შემოდგმიდან მართავს ქვეყანას, სამხედრო დახმარება შეუჩერა უკრაინას. ის “რუსეთთან ურთიერთობის სტანდარტიზაციის” მომხრეა.

ფიცოს პარტიამ, “სმერმა”, მთავრობის მეთაურის კრიტიკოსებს დააკისრა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა.

პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ლუბოშ ბლაჰამ მიმართა, მისი სიტყვებით, “ლიბერალურ მედიას” და პროგრესულ პოლიტიკოსებს”, რომ ისინი არიან დამნაშავე. "თქვენი სიძულვილის გამო იბრძვის რობერტ ფიცო თავისი სიცოცხლისთვის”, - თქვა დეპუტატმა. თვითონ ფიცომ რამდენიმე დღის წინ ლიბერალურ მედიას ბრალად დასდო, რომ მთავრობის წინააღმდეგ “მტრულ კლიმატს” აჩაღებს. ამიტომ, - თქვა მან, - არ არის გამორიცხული, რომ დაძაბული ვითარება ძალადობრივ ქმედებად გადაიქცეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG