Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ომბუდსმენი მიუთითებს „ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების კანონმდებლობის დარღვევის“ შესახებ

ომბუდსმენი მიუთითებს „ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების კანონმდებლობის დარღვევის“ შესახებ


საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. მან შეაფასა პოლიციის მიერ აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება და მიუთითა დემონსტრანტების ნაწილის მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევაზე.

„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები „აგენტების კანონის“ მიღებას აპროტესტებენ, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ლაზარე გრიგორიადისი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა.

დაკავებებს წინ უსწრებდა დემონსტრანტების მხრიდან პროტესტის გამოხატვა საკანონმდებლო ორგანოსთან აღმართულ რკინის ჯებირებზე ჯოხებისა და მუშტების დარტყმით. პარლამენტის ეზოში მობილიზებული პოლიციელები ფოტოებს უღებდნენ მათ, ვინც რკინის ჯებირებზე ნივთების დარტყმით გამოხატავდნენ პროტესტს.

სპეცრაზმელები პარლამენტის ეზოდან მას შემდეგ გამოცვივდნენ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა შენობის წინ აღმართული ლითონის წინაღობის ფილა ამოჭრა.

დღის 5:13 საათისთვის, პარლამენტის შენობა თითქმის სრულად შემოარტყეს ალყა სპეცდანიშნულების რაზმებმა - რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანა და გაისმა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ იწყებოდა აქციის დაშლა.

საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო „აგენტების კანონი“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG