კობახიძის განცხადებით, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს "მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად" და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც "გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს".
"ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური უმცირესობის დღის წესრიგს მიჰყვება, უნდა შევახსენო, რომ წაუკითხავი კანონის გაპროტესტება უდიდესი უპასუხისმგებლობაა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე.
ამასთან, დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც კი არ უნდა მიიღოს, თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში, თუ თავს დავუხრით საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ, მაგალითად, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არმიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მანვე მოუწოდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ "ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან", ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცავებს "ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი ხარისხით" მოქმედებისთვის.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა 14 მაისს იგეგმება.
ფორუმი