რუსეთის თავდაცვის მინისტრად სერგეი შოიგუს ნაცვლად ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა იმის ნიშანია, რომ პუტინი ემზადება უკრაინაში ომის გახანგრძლივებისა და შესაძლოა, ნატოსთან დაპირისპირებისთვისაც. ამის შესახებ ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) წერს.
12 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სერგეი შოიგუ გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან და მის ნაცვლად წარადგინა პირველი ვიცე-პრემიერის, ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა. შოიგუ თავდაცვის სამინისტროს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. 12 მაისს პუტინმა განკარგულება გამოსცა და შოიგუ დანიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. ამ თანამდებობას ნიკოლაი პატრუშევი იკავებდა.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, საკადრო ცვლილებები მიუთითებს, რომ პუტინი დგამს ნაბიჯებს ეკონომიკური და სამხედრო მრეწველობის ბაზის მობილიზაციისთვის უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის და შესაძლოა, ნატოსთან მომავალი კონფრონტაციისთვისაც.
ამერიკელი ექსპერტები წერენ, რომ ბელოუსოვს სამხედრო გამოცდილება არ აქვს, თუმცა არმიაში არც შოიგუს უმსახურია. ISW-ის თანახმად, რუსეთის ეკონომიკის სფეროში ხანგრძლივად საქმიანობამ და სხვადასხვა ინოვაციური პროექტის, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების შემუშავების მართვამ, ბელოუსოვი „მოამზადა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის - უწყების, რომელიც შოიგუს მინისტრობის პერიოდში კრიტიკის სამიზნე იყო
ბელოუსოვს ეფექტიანი ტექნოკრატის რეპუტაცია აქვს და რუსული წყაროების თანახმად, კარგი ურთიერთობები - პრეზიდენტ პუტინთან.
ვლადიმირ პუტინმა, რომელიც 7 მაისიდან მეხუთე ვადით შეუდგა რუსეთის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას, ფედერაციის საბჭოს 12 მაისს წარუდგინა რამდენიმე სამინისტროს და სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის კანდიდატები. მათ შორისაა თავდაცვის მინისტრად წარდგენილი ანდრეი ბელოუსოვი. ფედერაციის საბჭო კანდიდატურებს 13 და 14 მაისს განიხილავს.
ფორუმი