ეს მუხლი „სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას“ , ბლოკირებას გულისხმობს და, გარკვეულ შემთხვევებში, 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ადამიანის უფლებადამცველები ამ მუხლს მოძველებულსა და პრობლემურს უწოდებენ. მიიჩნევენ, რომ მისი გამოყენება შსს-ს მხრიდან დაუშვებელია და ამბობენ, რომ სახელმწიფო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებს აანონსებს.
რა ხდება?
კვირას, 12 მაისს, საღამოს 10 საათიდან თბილისში მორიგი, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ.
წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად აქციის ორგანიზატორებსა და დემონსტრანტებს ღამისთევა წინასწარ აქვთ დაანონსებული.
13 მაისს საპარლამენტო კომიტეტი მესამე მოსმენით განიხილავს " კანონს, განისაზღვრება ბოლო კენჭისყრა პარლამენტშიც და მისი მიღების შემთხვევაშიც, აშშ-ისა და ევროკავშირის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი სერიოზულად დაზიანდება.
კვირის აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგზე მოქალაქეები გააფრთხილა, რომ სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება „ყველა, ვინც პარლამენტის შენობის ბლოკირებას შეეცდება“.
გომელაურის ეს ნათქვამი საინტერესო იმით იყო, რომ „არაპროპორციულად ლოიალური“ უწოდა პოლიციის პრაქტიკას, არ გამოეყენებინა კოდექსის ერთ-ერთი მუხლი, და ამჯერად სწორედ მისი - 222-ე მუხლის „ამოქმედების“ პირობა დადო.
მინისტრის მტკიცებით, ამ მუხლისადმი „ლოიალურობამ“, როგორც „გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია“ - ესე იგი, ამ მუხლს რომ არ ვიყენებდით, ამით ვახალისებდით „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების“ - ამ შემთხვევაში პარლამენტის, - ბლოკირების მცდელობებსო.
შსს-მ 9 მაისს უკვე განაცხადა, რომ 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება, რომელიც, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან ერთად, 222-ე მუხლითაც დაიწყო.
რას მოიცავს მუხლი
222-ე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ-ს) იმ თავშია, რომელიც „საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ დანაშაულს“ ეხება.
სსკ ამ მუხლით 2 წლამდე პატიმრობით სჯის „ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების, ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას“.
და აზუსტებს, რომ ეს დანაშაული დასჯადია იმ შემთხვევებშიც, როდესაც ბლოკირებამ „შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა“.
იგივე დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, თუ ჩადენილია „ჯგუფურად“ ან „არაერთგზის“.
რატომაა პრობლემური?
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ერთ-ერთი პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე ფეისბუკზე წერს, ნორმაში 1999 წლის შემდეგ არ შესულა ცვლილებები და „ნიშანდობლივია, რომ ნორმა ტელერადიომაუწყებლობის ობიექტების დაცვით იწყება“.
თამთა მიქელაძე შენიშნავს, რომ მუხლი რელევანტური იყო იმ დროს, როდესაც პირველი არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფორმაციის გავრცელების ფაქტობრივად ერთადერთი საშუალება იყო და მიტინგებიც იქ ტარდებოდა ხოლმე.
- „დანაშაულის შემადგენლობა ძალიან ფართოა და შედეგებთან ერთად, ობიექტების საქმიანობის შესაძლო შეფერხებასაც დანაშაულად მიიჩნევს, რაც სახელმწიფოს ძალიან ფართო დისკრეციას აძლევს;
- არ არის განჭვრეტადი და არ იძებნება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალი. მოქალაქისთვის რთულია, გაიგოს, რომელ ობიექტებს გულისხმობს კანონი.
- აქვს არაპროპორციულად მძიმე სასჯელი, რასაც შეკრების თავისუფლებაზე დამაზიანებელი გავლენა ექნება“, - წერს მიქელაძე.
„ფართო დისკრეცია“
იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ პრობლემურია, რომ მუხლი ამა თუ იმ დაწესებულების ჰიპოთეზური შეფერხებისთვისაც ითვალისწინებს სასჯელს:
„გარდა იმისა, რომ მუხლის თანახმად, მოცემულობა უნდა დადგეს, რომ ბლოკირებამ შეაფერხოს დაწესებულების ნორმალური მუშაობა, მუხლი უშვებს იმის შესაძლებლობასაც, რომ თუკი დადგინდა, რომ ბლოკირებას სამომავლოდ, ჰიპოთეზურად, შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ნორმალური მუშაობა, ასეთი კვალიფიკაცია მიანიჭონ საქმეს“.
„სტრატეგიული ობიექტები“
გოგა ხატიაშვილის განმარტებით, არ არსებობს კანონმდებლობაში ჩამონათვალი, რა მიიჩნევა სტრატეგიულ ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტად და ეს ტერმინები „ძალიან შეფასებითია“.
ხატიაშვილი განმარტავს, რომ არსებობს ერთი, 2003 წლის ბრძანება, - საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრისა, - რომელმაც სცადა, განემარტა განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალი, მაგრამ ეს ბრძანება 2004 წელს ძალადაკარგულად გამოცხადდა.
„იმ პირობებში, როცა მოცემულ დღეებში სამართალდამცავები ძალიან რეპრესიულად იყენებენ არსებულ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებების საუარესოდ განმარტავენ, ეს ფართო შესაძლებლობას აძლევს მართლმსაჯულების ორგანოებს, რომ ყველაფერი სტრატეგიულ ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტად მიიჩნიონ“, - ეუბნება იგი რადიო თავისუფლებას.
შეკრების თავისუფლების შესაზღუდად
გამოხატვის და შეკრების თავისუფლება შეკრების ადგილმდებარეობის თავისუფლად შერჩევის შესაძლებლობასაც მოიცავს.
„ადამიანებს აქვთ უფლება, აირჩიონ შეკრების ადგილი თავისუფლად და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც ვეწინააღმდეგებით რუსულ კანონს, ერთგვარი დერეფანიც მოეწყოს და პარლამენტის წევრებს ამის თმენის ვალდებულებაც გააჩნიათ, თუ ეს დერეფანი იქნება მშვიდობიანი და მათ შენობაში შესვლას ხელს არ შეუშლის“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.
ის იხსენებს სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებას გიგა მაქარაშვილისა და სხვების საქმეზე. ეს საქმე ეხებოდა 2019 წლის ნოემბრის მოვლენებს - 18 ნოემბრის აქციას, რა დროსაც დემონსტრანტები პარლამენტის წევრებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ აძლევდნენ პარლამენტის შენობაში შესვლის შესაძლებლობას.
სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია იცავს ნებისმიერ შეკრებას, რომელიც არ არის ძალადობრივი ან მისი მონაწილეები არ აპირებენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენას.
როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, „სასამართლომ მიუთითა, რომ შესასვლელების ბლოკირება, გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება დაცული იყოს მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში“.
„სასამართლოს შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ შეკრების მონაწილეების მიერ პარლამენტის შენობის ბლოკირება იყო მათი პოლიტიკური გამოხატვის მწვავე ფორმა, იმ კონკრეტულ შემთხვევაში ის არ იყო დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლების დამაზიანებელი და, პირიქით, ხელს უწყობდა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას“, - განმარტავს საია.
„შორს ნუ წახვალთ“
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძეც წერს, რომ პარლამენტის წევრების თმენის ვალდებულებაში ჯდება უკმაყოფილო მოქალაქეების კორიდორების გავლა, თუ ის მშვიდობიანია და ხელს არ უშლის შენობაში მათ შესვლას.
„პოლიციას შეუძლია ამ კორიდორს ჯებირი ან პოლიციის კორდონი ჩაუყენოს, მაგრამ არ უნდა დაშალოს“, - ამბობს ის.
„შენობის ფუნქციონირების შეფერხება ვერ იქნება მის გარშემო ორგანიზებული ხმაური და აზრის გამოხატვა. ამიტომ ძალიანაც შორს არ წახვიდეთ შევარდნაძის დროინდელი კანონის გამოყენებაში“, - მიმართავს მიქელაძე შინაგან საქმეთა მინისტრს.
„რეპრესიების დაანონსება“
„ფაქტობრივად, ეს არის გაფრთხილება, რომ აპირებენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში არათანაზომიერ ჩარევას“, - ასე აფასებს გოგა ხატიაშვილი მინისტრის გომელაურის „გაფრთხილებას“ 222-ე მუხლის გამოყენების დაშვებაზე.
მისი თქმით, „წინა შემთხვევების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პოლიცია არაპროპორციულ ძალას გამოიყენებს“.
30 აპრილი-1 მაისისა და 1-2 მაისის მიჯნაზე, საპროტესტო აქციების დაშლისა და დარბევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა.
პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საპოლიციო საშუალებები: წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
გარდა ამისა, 1-2 მაისის აქციის არაერთ მონაწილეს სხეულზე რეზინის ტყვიებისთვის დამახასიათებელი ჭრილობები ჰქონდა - თუმცა შსს-მ რეზინის ტყვიების გამოყენება უარყო.
აქციაზე სასტიკად სცემეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.
სცემეს დეპუტატ ალეკო ელისაშვილსაც. ორივე საქმე ჯერჯერობით გამოუძიებელია.
„არ გაბედოთ რეპრესიები“ - პრეზიდენტი
12 მაისს, - იმავე დღეს, სანამ მინისტრი ვახტანგ გომელაური 222-ე მუხლის გამოყენების გაფრთხილებას დააანონსა, - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც კანონის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეები გააფრთხილა, რომ „ძალადობა არ დარჩება დაუსჯელი“.
კობახიძემ პოლიციელებს მოუწოდა, „გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით“, - ისე „როგორც ამას წინა დღეებში აკეთებდნენ“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, კობახიძის ნათქვამი საზოგადოებისთვის გაგზავნილ მუქარად შეაფასა და, თავის მხრივ, პოლიციელებს შეახსენა, რომ მათი ვალი კანონისა და ადამიანების დაცვაა.
„არ გაბედოთ რეპრესიები“, - მიმართა მან მთავრობას.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება.
ფორუმი