Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აღდგომის კვირაში ამდენი სიძულვილი და ძალადობა არ გამიგია - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს

აღდგომის კვირაში ამდენი სიძულვილი და ძალადობა არ გამიგია - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოდის ათონელის ქუჩაზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. 9 მაისი, 2024 წელი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოდის ათონელის ქუჩაზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. 9 მაისი, 2024 წელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე ეხმაურება პრემიერ-მინისტრის, ირაკლის კობახიძის “ღია წერილს გულწრფელი ახალგაზრდებისადმი”.

ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მისი მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!

მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის. დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან (გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა !” - წერს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა საქართველოში ბოლო წლებში მიმდინარე საპროტესტო აქციებში ჩართულ და "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე ახალგაზრდებზე. კობახიძე წერილში ჩამოთვლის მოძრაობებს, რომლებშიც პროტესტის მონაწილე დემონსტრანტები არიან გაერთიანებული და მათ ძალადობრივად ახასიათებს.

ამასთან, ის ახალგაზრდებს ადარებს გიგლა ბერბიჭაშვილს, რომელმაც ილია ჭავჭავაძეს ესროლა.

"როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში", - წერს კობახიძე.

2024 წლის 1 მაისს პარლამენტმა, მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში სამ კვირაზე მეტია ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება.

ბოლო დღეებში არაერთი თავდასხმა იყო „აგენტების კანონის" წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებზე. სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობის ინიციატორი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა".

ფორუმი

XS
SM
MD
LG