Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასი აცხადებს, რომ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას


რაფაჰი, ღაზის სექტორი
რაფაჰი, ღაზის სექტორი

ჰამასი - რომელიც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული - აცხადებს, რომ დათანხმდა ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელმაც უნდა შეაჩეროს ისრაელთან შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ომი.

ჰამასმა ამ შინაარსის განცხადება ორშაბათს გაავრცელა და ამბობს, რომ მისმა ლიდერმა ისმაილ ჰანიემ ეს სატელეფონო საუბარში უთხრა კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს.

ახლო აღმოსავლეთის ეს ორი ქვეყანა თვეების განმავლობაში გამოდიოდა შუამავლად მოლაპარაკებებში ისრაელსა და ჰამასს შორის.

ისრაელს ამ თემაზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

ჰამასის განცხადებას რამდენიმე საათით უსწრებდა წინ ისრაელის მხრიდან პალესტინელებისთვის გაცემული ბრძანება, ევაკუაცია დაეწყოთ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან, ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინ. რაფაჰს თავს აფარებს ღაზის სხვა არეალებში ბრძოლას გამოქცეული მილიონზე მეტი პალესტინელი. ისრაელი აცხადებს, რომ რაფაჰი არის ჰამასის უკანასკნელი ბასტიონი. ჰამასის განცხადების შესახებ ცნობის გავრცელებას რაფაჰის ქუჩებში ხალხი სიხარულით შეხვდა.

წინადადების დეტალები დაზუსტებული არ არის, თუმცა ბოლო დღეებში ეგვიპტისა და ჰამასის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში, ეტაპობრივად გაგრძელდება, რა დროსაც ჰამასი მძევლებს გაათავისუფლებს, ისრაელი კი ღაზიდან არმიას გაიყვანს.

გაურკვეველია შეთანხმება თუ ეხმიანება ჰამასის მთავარ მოთხოვნებს - ომის დასრულებას და ისრაელის ძალების სრულად გასვლას.

ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმამ, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. ისრაელის მონაცემებით, იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი.

ისრაელმა ამას უპასუხა ღაზაზე შეტევით, საჰაერო და სახმელეთო იერიშებით, რასაც, ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 34 500-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა.

პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG