Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სტუდენტები ამბობენ, რომ თსუ-სთან მათზე იძალადეს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესასვლელი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესასვლელი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესასვლელთან ინციდენტი მოხდა. სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად კანონის მიღებას აპროტესტებდა, ამბობს, რომ მათ ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ილია ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, მისული იყო საპატრულო პოლიციაც.

„პროვოკატორები არიან თვითონ ეს სტუდენტები...“ - უთხრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა „TV პირველს“, რომელმაც ძალადობის შემთხვევა გადაიღო.

ახალგაზრდები, რომლებსაც „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები ძალადობაში ადანაშაულებენ, თსუ-სთან შავი ფერის ტანსაცმლითა და ნიღბებით მივიდნენ.

„ვცდილობდით, არ წამოვგებოდით პროვოკაციას, მათგან მოდიოდა შეურაცხმყოფელი რეპლიკები. ზურგს ვაქცევდით, რომ არ გვეპასუხა. ვერ შეძლეს პროვოცირება და გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე“, - უთხრა „TV პირველს“ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე ერთ-ერთმა სტუდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ის უნივერსიტეტში ლექციას ყოველ შაბათს, დილის საათებში ატარებს. ბოლო დღეების განმავლობაში ის ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ „აგენტების კანონი“ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება - ამ კანონპროექტს მოქალაქეთა დიდი ნაწილი რუსულს უწოდებს და თბილისის ქუჩებში აქციებს მართავს. ამავდროულად, საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი ქვეყანას აშორებს ევროკავშირისგან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სტუდენტებმა ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თსუ-სთან შეკრება და პროტესტის გამოხატვა სცადეს. ასე მოხდა გასულ წელსაც, როცა პირველად დააინიციირა საპარლამენტო უმრავლესობამ „აგენტების კანონი“. მაშინ კობახიძე პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი და ამ კანონპროექტის მხარდამჭერი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG