Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასტუმრო "პარაგრაფთან" აქციის მონაწილე დააკავეს


საპროტესტო აქცია სასტუმრო "პარაგრაფის" წინ. 3 მაისი, 2024
საპროტესტო აქცია სასტუმრო "პარაგრაფის" წინ. 3 მაისი, 2024

თბილისში, სასტუმრო "პარაგრაფთან" "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციამ დააკავა. როგორც მოგვიანებით თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განმარტა, იგი პოლიციელებისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო აიყვანეს.

"აქციის მონაწილე გამოეყო სხვებს, პოლიციელებმა მოუწოდეს შებრძანდითო და შეაგინა პოლიციის თანამშრომლებს", - თქვა ვაჟა სირაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა კამერების ჩანაწერი? - ვაჟა სირაძე პასუხობს: "განმარტება გავაკეთე, რის გამოც დაკავდა და მტკიცებულებებს... სასამართლოს ამ წუთას როგორ გავმართავთ ახლა... ბიჭებს აქვთ ხოლმე [სამხრე] კამერები ჩართული ასეთ სიტუაციაში. გავერკვევით სიტუაციაში, ვინ დააკავა და როგორ. უშუალოდ დამკავებელი პოლიციელები აცხადებენ, რომ შეაგინა პოლიციელს".

სასტუმრო "პარაგრაფთან", სადაც აზიის განვითარების ბანკის ღონისძიებას მმართველი პარტიის ლიდერებიც ესწრებიან, 19:00 საათზე დაიწყო მომიტინგეების შეკრება. მათ აქვთ ბანერები ქართულ და ინგლისურ ენაზე წარწერით, "არა რუსულ კანონს" და ცდილობენ ღონისძიების სტუმრებს, მათ შორის, "ქართული ოცნების" ლიდერებს ხმა მიაწვდინონ.

1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG