Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად მთავრობამ 500 ათასი ლარი გამოყო


ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს მთავრობამ ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ნახევარი მილიონი ლარი გამოყო. პრემიერის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ეს თანხა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს გამოეყოფა.

„საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მედეგობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო კამპანიის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში განახორციელოს გარანტირებული შესყიდვის საშუალებით, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში”, - წერია განკარგულებაში.

მთავრობის განკარგულება ანტიდასავლურ პროპაგანდაზე
მთავრობის განკარგულება ანტიდასავლურ პროპაგანდაზე

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2017 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. როგორც ვებსაიტზე ვკითხულობთ, ცენტრის მიზანი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე მოსახლეობისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა.

„აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დასავლელი პარტნიორების კრიტიკა განაგრძეს. 2 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩომ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.

„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე", - აღნიშნა ელჩმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამერიკელ მაღალჩინოსნებთან იმ „დათქმით“ მიიწვიეს, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რაც, უწყების შეფასებით, „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG