Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე „ოცნების“ შეკრებაზე ანტიდასავლური გზავნილებით გამოვიდა


თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 29 აპრილი, 2024 წელი
თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ ორგანიზებულ კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 29 აპრილი, 2024 წელი

რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ „საერთო-სახალხო შეკრებაზე“, რომელიც „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით დაიგეგმა, სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი კახა კალაძე.

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი თავის ხანგრძლივ სიტყვაში ანტიდასავლური გზავნილებით გამოირჩა. მან საქართველოში დასავლეთის მხრიდან რევოლუციის დაგეგმვაზე დასვა აქცენტი. ამასთან, მისი სამიზნე იყო სამოქალაქო საზოგადოება.

„გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. გვიმტკიცებენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია და ლგბტ პროპაგანდა - კარგი. გვიმტკიცებენ, რომ 'ენჯეოებს' უფლება აქვთ საქართველოში, რამდენიც უნდათ, იმდენი რევოლუციის მოწყობა სცადონ და ჩვენ მათი ფულის წარმომავლობაც არ უნდა მოვიკითხოთ. რევოლუციას კიდევ ერთხელ რომ დაგეგმავენ, ქართველმა ხალხმა თურმე ისიც კი არ უნდა იცოდეს, საიდან მოდის თანხები და ვინ აფინანსებს აღნიშნულ რევოლუციას.

გასულმა რამდენიმე კვირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა და დაგვანახა, რომ 'ენჯეოებისთვის' გამოყოფილი თანხების 90 პროცენტზე მეტი საქართველოში აგენტურის გაძლიერებას ემსახურება. გაირკვა, რომ იმ თანხების უდიდესი ნაწილიც კი, რომლებიც, თითქოს, სოფლის მეურნეობას, შშმ პირებზე ზრუნვას თუ კავკასიურ სახლს მოხმარდა, ტყუილად არ დახარჯულა. როგორც კი დასჭირდათ, ყველა ეს 'ენჯეო' ერთად გამოიყვანეს და ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირეს.

პირდაპირ გვეუბნებიან ქართველებს, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება და არანაირი უფლება არ გვაქვს ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს ჩვენ ქვეყანაში ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, მართლმადიდებლურ ეკლესიაზე შეტევას, ნარკოტიკების პროპაგანდას, რადიკალიზმს, ქვეყნის არდასვენების გამუდმებულ მცდელობას. გვეუბნებიან, რომ ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა იცოდეს, მაგრამ ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, ახლა არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის, ინტერესების დასაცავად.

„ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ - საქართველო არასდროს იქნება არავის ვასალი“, - თქვა კალაძემ.

თბილისის მერმა დაასახელა საქართველოს უცხოელი პარტნიორების, მისი აზრით, მთავარი ამოცანა: „დღეს უსამშობლო რადიკალებს და მათ უცხოელ პარტნიორებს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა თავიანთ უმთავრეს ამოცანად აქვთ ქცეული“.

კახა კალაძემ წარმოთქვა ლოზუნგები: „საქართველო უპირველეს ყოვლისა. გაუმარჯოს ჩვენს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ საქართველოს! ქართველების საქართველოს გაუმარჯოს!“

კალაძემ გაიმეორა ილია ჭავჭავაძის სიტყვები: „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც „ოცნებას“ აქციის მთავარ სლოგანად ჰქონდა გამოცხადებული. კალაძემ დაამატა, რომ დარწმუნებულია, „რამდენიმე წელიწადში საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და ეროვნულ ფასეულობებზე მყარად მდგომი სახელმწიფო“.

22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ მმართველი პარტია „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით, 29 აპრილს კონტრაქციას გამართავდა. „აგენტების კანონის“ მხარდასაჭერად მმართველმა პარტიამ მოქალაქეთა მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდინა.

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ 17 აპრილს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი, მიღების შემთხვევაში, მედიებსა და არასამთავრობოებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ტერმინი „უცხოური ძალა“ განიმარტება, როგორც „უცხო სახელმწიფო, უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი“.

სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა კანონპროექტი გაეწვია.

„ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად დააბრუნა 2024 წლის 3 აპრილს. წლევანდელს შარშანდლისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

კვირას, 28 აპრილს, 19:00 საათიდან „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო მრავალათასიანი აქცია-მსვლელობა გაიმართა თბილისში, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე. მანამდე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დედაქალაქში კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები უწყვეტად მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG