საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამერიკელ მაღალჩინოსნებთან „დათქმით“ მიიწვიეს, რაც „არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას“.
„გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა“, - აცხადებს საგარეო უწყება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“.
განცხადების თანახმად, ამ საკითხზე „აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა.“
საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა აშშ-ში მიწვევაზე უარი თქვეს.
„ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მოწვევაზე“, - განაცხადა მან.
1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები სახელწოდებით: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“ თბილისში მესამე კვირაა, უწყვეტად მიმდინარეობს.
ფორუმი