დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის, ნუს განის გამოხმაურებას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
“ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოს მიმდინარე მოვლენებს. პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას თავშეკავებული ქმედებისკენ", - ბრიტანელმა მინისტრმა ეს განცხადება X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოაქვეყნა.
"აგენტების კანონი" საქართველოს პარლამენტმა 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო. ამ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტის ფონზე უკან გაიწვია, თბილისში ორი კვირაა იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციების მონაწილეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, რომელიც ჯიუტად ცდილობს "რუსულ კანონად" წოდებული კანონის მიღებას, მკვეთრად ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს და უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე. ხელისუფლება ამ შიშების პასუხად იყენებს ტერმინს "ღირსებით ევროპისკენ" და ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე უარს არ ამბობს და ამ გზაზე თავის პრინციპებს დაიცავს.
საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.
ფორუმი