Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანდიდატის სტატუსის გაწვევა, მოგზაურობაზე შეზღუდვები - ევროპარლამენტარების გამოხმაურება თბილისში პროტესტის დარბევაზე


“აგენტების კანონთან” დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროპარლამენტარები ეხმაურებიან.

მწვანეები/ევროპის თავისუფლების ალიანსი წევრი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე [ყოფილი ტვიტერი] საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეპ ბორელის საქართველოზე დაწერილ პოსტს აზიარებს და წერს, რომ კონკრეტული შედეგებია საჭირო:

  • კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გაწვევა
  • საქართველოსთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსების შეჩერება
  • ბიძინა ივანიშვილის სანქცირება
  • “რუსული კანონის” მხარდამჭერი პარლამენტის წევრებისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესება

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს X-ზე გამოეხმაურა ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც.

“პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი ერთსა და იმევე გზას მიუყვებიან: პირველი, სასტიკი ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, შემდეგ დიქტატურის დამყარება ქვეყნის დემოკრატიული მომავლის საწინააღმდეგოდ. დიქტატურების მომავალი ყოველთვის ერთნაირია: სანქციები, კოლაფსი და ტრიბუნალი".

"ქართულ ოცნებას" და მის საპატიო თავმჯდომარეს ევროპარლამენტარი მაიკლ გალერიც აკრიტიკებს:

“ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ ნათელია ვინ არის რეალური უცხოური ძალის აგენტი. ეს კანონი ემსახურება საზოგადოების და ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის გაქრობისთვის ნიადაგის შექმნას. საბოლოოდ კი ის მოემსახურება რუსულ ოცნებას და შედეგად ქართულ კოშმარს მოიტანს”, - წერს ის X-ზე.

30 აპრილის ღამეს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის დარბევა მკაცრად დაგმო ჯოზეპ ბორელმაც და ხელისუფლებას მოუწოდა მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყო. 30 აპრილის ღამეს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG