Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხაელ როთი: ძვირფასო პრემიერო კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ


მიხაელ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
მიხაელ როთი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) ეხმაურება 30 აპრილის ღამეს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციის დარბევას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, გაიწვიოს სადავო კანონპროექტი.

"ძვირფასო პრემიერო კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!" - წერს გერმანელი პოლიტიკოსი.

30 აპრილის აქციის დარბევას გამოეხმაურა გერმანიის ელჩიც საქართველოში, პიტერ ფიშერი - საქართველოს ხელისუფლებას ისიც ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" (კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა.

30 აპრილის ღამეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი.

სამართალდამცავებმა 30 აპრილს ფიზიკური ძალა გამოიყენეს აქციის არაერთი მონაწილის, მათ შორის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების, ლევან ხაბეიშვილის და ალექსანდრე ელისაშვილის წინააღმდეგ.

შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG