გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტის გამოყენების ფაქტი. ამის შესახებ წერს სააგენტო Reuters-ი, რომელიც გაეცნო ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებზე მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის გაგზავნილ ანგარიშს.
გაეროს ექსპერტებმა დაადგინეს, რომ 2024 წლის 2 იანვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში აფეთქდა კორეული რაკეტა Hwasong-11. სამი ექსპერტი ამ რაკეტის ფრაგმენტების გამოსაკვლევად უკრაინაში აპრილში იმყოფებოდა.
გაეროს წარმომადგენლებმა დამოუკიდებლად ვერ დაადგინეს, კონკრეტულად საიდან ისროლეს ბალისტიკური რაკეტა, თუმცა უკრაინული მხარისგან მიღებული მონაცემები ტრაექტორიის შესახებ მიუთითებს, რომ ხარკოვს ამ რაკეტით რუსეთის ტერიტორიიდან შეუტიეს.
გაეროს ექსპერტები უშიშროების საბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშში წერენ, რომ რუსეთის განკარგულებაში ამ რაკეტის არსებობა მიუთითებს, რომ ის ჩრდილოეთ კორეისგან რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს და დაარღვიეს ფხენიანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები. გაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას ბალისტიკური და ბირთვული იარაღის პროგრამების გამო სანქციები 2006 წელს დაუწესა, მათ შორის რუსეთის თანხმობით.
მოსკოვი ფხენიანისგან იარაღის შეძენას უარყოფს. ამასთან, 2024 წლის მარტში რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში კენჭისყრისას ვეტო დაადო ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო სანქციების დაცვაზე მონიტორინგის ჯგუფის მანდატის გაგრძელებას. რუსეთის ვეტოს გამო, ამ ჯგუფის 15-წლიანი მანდატის მოქმედების ვადა დღეს, 30 აპრილს, ამოიწურება.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოკორეული რაკეტების გამოყენების შესახებ პირველად 2024 წლის 4 იანვარს განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. უკრაინის ხელისუფლებამ მყარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად გამოძიება დაიწყო.
9 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმო რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, შეუერთდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ისრაელი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.
2024 წლის თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ 2023 წლის ბოლოდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 20-ზე მეტი ჩრდილოკორეული რაკეტა, რომლებმაც სულ მცირე 24 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.