Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Guardian: ბრიტანეთის ფოტომასალა სავარაუდოდ, ადასტურებს რუსეთისთვის ჩრდილოკორეული იარაღის მიწოდებას


უკრაინის პროკურატურის წარმომადგენელი ათვალიერებს რუსეთის მიერ გამოყენებული, სავარაუდოდ, ჩრდილოეთკორეული რაკეტის ფრაგმენტებს ხარკოვში
უკრაინის პროკურატურის წარმომადგენელი ათვალიერებს რუსეთის მიერ გამოყენებული, სავარაუდოდ, ჩრდილოეთკორეული რაკეტის ფრაგმენტებს ხარკოვში

დიდმა ბრიტანეთმა გაეროს ექსპერტებს გაუგზავნა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტომასალა, რომელიც შესაძლოა, ადასტურებდეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით.

2023 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილია ჩრდილოეთ კორეის პორტ ნაჯინში მყოფი სამი რუსული გემი: „მაია“, „ანგარა“ და „მარია“, რომლებსაც კონტეინერებით ტვირთავენ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში გასაგზავნად.

ბრიტანეთის დაზვერვამ კონტეინერების შიგთავსის იდენტიფიცირება ვერ შეძლო, თუმცა, ეს ფოტოები აშშ-ის და სხვა ქვეყნების მიერ მოპოვებულ მასალებთან ერთად გადაეცა გაეროს ექსპერტებს და უნდა იქცეს საფუძვლად, რომ გაერომ დაიწყოს გამოძიება რუსეთის და ჩრდილოეთ კორეის მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის ფაქტზე. მოსკოვი და ფხენიანი ამას უარყოფენ.

შეერთებულმა შტატებმა პირველად 4 იანვარს განაცხადა, რომ ფხენიანმა რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრი კოსტინმა 11 იანვარს განაცხადა, რომ წინასწარი სამეცნიერო-ტექნიკური ექსპერტიზის შედეგებით დასტურდება, რომ 2 იანვარს ხარკოვში აფეთქდა ჩრდილოეთ კორეაში შემუშავებული რაკეტა.

9 იანვარს ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაგმობილია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენა და უკრაინაში გამოყენება. ამ განცხადებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა, შეუერთდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ისრაელი, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა.

XS
SM
MD
LG