Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას იარაღს "ამ კვირაში" გაუგზავნის


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ამერიკული სამხედრო დახმარება, რომელიც ბოლო პაკეტის ფარგლებში ახლახან გამოცხადდა ვაშინგტონში, "ამ კვირაში წავა უკრაინაში", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
სოციალურ ქსელ Х-ში გამოქვეყნებულ ცნობაში ბაიდენმა გაიხსენა, რომ 24 აპრილს მან მიიღო კონგრესის მიერ დამტკიცებული უკრაინის მხარდაჭერის დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რომელსაც ხელი იმავე დღეს მოაწერა.

"ამ კვირაში ჩვენ ვგზავნით იარაღს და აღჭურვილობას უკრაინაში, რადგან ის იცავს თავს რუსული დარტყმებისგან", - წერს ბაიდენი.

მანამდე, ამერიკულმა გამოცემა Politico-მ ორ უსახელო ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები ემზადება კონტრაქტების დასადებად უკრაინული ძალებისთვის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 96 მლრდ დოლარის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ. უკრაინის დახმარებისთვის განკუთვნილია 61 მილიარდი დოლარი. კანონპროექტის ხელმოწერის შემდეგ ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინას დახმარება უკვე რამდენიმე საათში გაეგზავნება.


მანამდე დოკუმენტი აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79-მა სენატორმა, 18 წინააღმდეგი იყო.

თეთრ სახლთან დაახლოებული წყაროების თქმით სამხედრო დახმარების ახალ 61-მილიარდიან პაკეტშიც შევა ATACMS-ის ტიპის რაკეტები, რომელთაც 300 კილომეტრამდე მოქმედების რადიუსი აქვთ.

XS
SM
MD
LG