აშშ-ის სენატმა დაამტკიცა უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის დახმარების 95 მილიარდი დოლარის მოცულობის პაკეტი. კანონპროექტს მხარი 79-მა სენატორმა დაუჭირა, 18 წინააღმდეგი იყო
სენატის მიერ მხარდაჭერილი ოთხი კანონპროექტიდან ერთი უკრაინისთვის 60,8 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარებას ითვალისწინებს, მეორე - ისრაელის დახმარებას და ასევე ღაზის სექტორში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი და 26,4 მლრდ დოლარს მოიცავს. მესამე კანონპროექტით გათვალისწინებულია 8,1 მლრდ დოლარის გამოყოფა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის და ძირითადად მიმართულია რეგიონში, მეტწილად ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის აგრესიის შესაკავებლად.
მეოთხე კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციების გაზრდა რუსულ აქტივებზე, ახალი სანქციები ირანისთვის, ამასთან, კანონპროექტი ჩინურ კომპანია ByteDance-ს დაახლოებით ცხრათვიან ვადას უწესებს სოციალური ქსლის, TikTok-ის გასაყიდად, წინააღმდეგ შემთხვევაში აპლიკაცია ამერიკულ app stores-ში აიკრძალება.
კანონპროექტი ძალაში შევა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხელმოწერის შემდეგ. ცნობილია, რომ ბაიდენი მზადაა, კანონპროექტს ხელი მიღებისთანავე მოაწეროს. "რათა ჩვენ შევძლოთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაწყება ამ კვირაში”, - თქვა ბაიდენმა.
პაკეტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მრავალთვიანი დავის შემდეგ 20 აპრილს მიიღო.