Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთში მიემგზავრება. მთავრობის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი და პრემიერ-მინისტრი უნგრეთში კონფერენციაზე დასასწრებად (24-25 აპრილს) ჩავა. კობახიძესთან ერთად დელეგაციაშია საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციაში თავდაპირველად არ ასახელებდნენ ღონისძიებას, რომელშიც ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით გვითხრეს, რომ ის მონაწილეობას მიიღეს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში“ (CPAC-ში).

მოგვიანებით, CPAC-ის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ღონისძიებაში მონაწილე სპიკერთა სია, რომელთა შორის არის ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კონფერენციის სპიკერთა შორის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კონფერენციის სპიკერთა შორის.

ირაკლი კობახიძე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტით ბოლოს 2023 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის რანგში.

2023 წლის მაისში, იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთში მონაწილეობა მიიღო, სწორედ, ულტრაკონსერვატორების ამ კონფერენციაში (CPAC-ში) დევიზით: „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა“.

კონფერენციის ბევრი მონაწილე ცნობილია რუსეთ-უკრაინის ომში ღიად პრორუსული, იზოლაციონისტური პოზიციით და თანაც ქსენოფობიური და ჰომოფობიური გზავნილებით.

ღარიბაშვილის ეს ნაბიჯი დაგმო „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES-მა), რომლის დამკვირვებელი წევრიც იყო „ქართული ოცნება“. PES-მა განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ თანამშრომლობას გადახედავდა, თუმცა „ოცნებამ“ დაასწრო და თქვა, რომ PES-ს ტოვებდა…

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში გასული წლის ოქტომბერში ვიზიტით იმყოფებოდა.

ორბანი, - რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე 4 დღით ადრე, წინა მმართველი გუნდის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სიტყვით გამოვიდა და მოსახლეობა გააფრთხილა, წარსულში ნუ დაბრუნდებითო, - ახლა „ქართული ოცნების“ მოკავშირედ იქცა ევროკავშირში.

საქართველომ და უნგრეთმა 2022 წლის 27 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის უნგრეთში ვიზიტისას, მოაწერეს ხელი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციას.

XS
SM
MD
LG