„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც 18 აპრილს, შუაღამისას, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ავტომანქანაში ჩასვა, აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მას „გამეტებით სცემეს“. ელისაშვილმა თქვა, რომ ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი.
„უშუალოს ვაჟა სირაძის [საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი] მითითებით, რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ დროს წავიქეცი და იქ დაგდებულს გვირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ ვიყავი რამდენიმე საათის განმავლობაში, გადამიყვანეს წერეთელზე, შსს-ს დიდუბის განყოფილებაში. იქ ნორმალური, ადამიანური გარემო იყო. მოვედი კლინიკაში, ძალიან მტკიოდა და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს გატეხილი. ბრძოლით „ანჯელინა ჯოლის ტუჩიც“ მოვიპოვე“, - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი დღესვე, 18 აპრილს, „მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს“.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ „პარლამენტთან მიმდებარე საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების/ძალადობის შესაძლო ფაქტებზე გამოძიება დაიწყო“.
უწყების პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.
ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობის ან იარაღის გამოყენებით და ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რადიო თავისუფლებამ საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრს ჰკითხა, ელისაშვილის საკითხზე დაიწყო თუ არა გამოძიება, რაზეც გვიპასუხეს, რომ ვინც მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რეაგირება იქნება მყისიერი.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე წუხელ, დაახლოებით 00:00 საათისთვის, პოლიციამ ელისაშვილი ავტომანქანით, ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან.
მოგვიანებით სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „სოციალურ ქსელში დაწერა: „ალეკო ჩემთან ერთადაა! თავს ნორმალურად გრძნობს“.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ „აგენტების კანონი" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო, რასაც თბილისში პარლამენტის და მთავრობის ადმინისტრაციის შენობებთან მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
„ქართული ოცნება" თავის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციური პარტიები კანონს რუსულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის მიზანია დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციების შეზღუდვა და ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაბლოკვა.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.